პროკურატურამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი მელიას პატიმრობა არ ყოფილა - მდინარაძე

პუბლიკა

„პროკურატურამ დღევანდელი გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ მისი მიზანი ბრალდებულის [ნიკა მელიას] პატიმრობა არ ყოფილა“, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მდინარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, ეს იყო გადაწყვეტილება, რომელიც კანონიდან გამომდინარეობდა და სხვა გზა პროკურატურას ვერ ექნებოდა, გარდა იმისა, რომ აღკვეთი ღონისძიების სახით სასამართლოსგან უფრო მძიმე აღკვეთის შეფარდება მოეთხოვა.

„პროკურატურა თანმიმდევრულია მის მოქმედებებში, რადგან არც ერთ ეტაპზე, იმ პირობებში, თუ ნიკა მელია დაიცავდა გირაოს პირობებს და შეასრულებდა, მათ პატიმრობა არ მოუთხოვიათ. მოითხოვა მხოლოდ და მხოლოდ, იმ ვითარებაში, როდესაც მელია კანონის ჩარჩოებიდან გავიდა და უარი თქვა მსუბუქი აღკვეთი ღონისძიების შესრულებაზე. დღესაც იმავეს ამბობს პროკურატურა! აღკვეთის ღონისძიების შეცვლაზეა საუბარი და არა პატიმრობის პირობებში გირაოს პირობების შესრულებაზე. ეს არის მარტივი იურიდიული დეტალი“, – განაცხადა მდინარაძემ.


დღეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერის, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით საქართველოს გენერალურ პროკურატურაში ბრიფინგი გაიმართა.

პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში, თუ მელიას დაცვის მხარე მზადაა, რომ გადაიხადოს გირაო, პროკურატურა გამოთქვამს მზადყოფნას, მიმართოს საქალაქო სასამართლოს შუამდგომლობით გამოყენებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის თაობაზე.

„ენმ“-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხატია დეკანოიძემ ბრიფინგზე განცხადა, რომ ნიკა მელია თავს გრძნობს მხნედ და მისი პოზიცია იგივეა და რომ პროკურატურის ამ გადაწყვეტილებას არაფერი შეუცვლია.