პროკურატურამ კიკეთში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ პირს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, კიკეთში მომხდარი მკვლელობისა და რამდენიმე პირის დაჭრის საქმეზე ერთ პირს ბრალი წარედგინა. ბრალდება განზრახ მკვლელობას, მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარებას მოიცავს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ 17 სექტემბერს, სოფელ კიკეთში, ბრალდებული, ერთ-ერთ საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სახლის მეპატრონესთან და მასთან სტუმრად მყოფ პირებთან ჩხუბის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული დაბრუნდა და შურისძიების მოტივით ექვს პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა.

მიღებული დაზიანების შედეგად ერთი პირი გარდაიცვალა, ხოლო სხვა დაზარალებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – წერს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებით, მათ მიერ წარდგენილი ბრალდების მუხლები 16-დან 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება“, – აცხადებს უწყება.