„ველოდებით პროკურატურის რეაგირებას… კობახიძემ თავად აღიარა და თქვა, რომ დიახ, ჩვენ ვუსმენთ ჟურნალისტებს“, – ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური პროდიუსერი ნოდარ მელაძე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანის, ირაკლი კობახიძის ბრიფინგს ეხმაურება.
„ჩვენ მოვისმინეთ პარლამეტის გადაყენებული თავმჯდომარიასგან ოფიციალური დადასტურება იმის შესახებ, რომ საქართველოში მიმდინარეობს ჟურნალისტების ფარული მიყურადება და თვალთვალი. ეს ამბავი ჩვენ დღემდეც ვიცოდით და კრიტიკული მედიის წარმომადგენელი ძალიან მარტივად ამცნევს ხოლმე, როდესაც მას უკან დაყვებიან ან ტელეფონით უსმენენ“, – ამბობს მელაძე.
ნოდარ მელაძის განცხადებით, აღნიშნული საქმით საქართველოს გენერალური პროკურორი, ირაკლი შოთაძე უნდა დაინტერესდეს და პროკურატურამ საქმეზე გამოძიება უნდა დაიწყოს.
„ახლა, რაც ირაკლი შოთაძემ, კობახიძის აღიარების შემდეგ უნდა გააკეთოს, უნდა დაიწყოს გამოძიება – რის საფუძველზე მიმდინარეობდა ჟურნალისტებზე ფარული მოსმენა და თვალთვალი. ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, მინიმუმ დღესვე გამოძიებაზე უნდა დაიბარონ პარლამენტის გადაყენებული თავმჯდომარე და ოცნების მოქმედი ლიდერი და მან უნდა მისცეს ჩვენება, თუ ვისი დავალებით და ვინ მოუსმინა ტელევიზიის ჟურნალისტს ფარულად“, – განაცხადა მელაძემ.
ტელეკომპანია „პირველის“ გენერალური პროდიუსერის განმარტებით, გუშინ დილით ნატო გოგელიასა და ადგილობრივი ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მელაძის თქმით, გოგელია ამზადებდა რეპორტაჟს, თუ როგორ აპირებდა ქართული ოცნება კარტოფილით, ხახვით და ვაშლით მოესყიდა გურიაში ამომრჩევლები.
„ნატო გოგელია არკვევდა დეტალებს, თუ საიდან აღმოჩნდა საწყობში დიდი ოდენობით ბოსტნეული, რომლის შესყიდვის სამართლებრივი დოკუმენტები შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე არ არსებობდა“, – ამბობს მელაძე.
ნოდარ მელაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ვანო ჩხარტიშვილთან საუბარიც გაიხსენა. მელაძის მტკიცებით, სატელეფონო საუბრისას ჩხარტიშვილი მას ღიად დაემუქრა.
„რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჩვენ ვამზადებდით შაბათის ეთერისთვის ჟურნალისტურ გამოძიებას და კომენტარისთვის დავურეკეთ ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილთან დაახლოებულ ოლიგარქ, ვანო ჩხარტიშვილს. ვანო ჩხარტიშვილთან მიმდინარეობდა საუბარი და ავტომატურად,საუბარი იწერებოდა. ვანო ჩხარტიშვილი დამემუქრა მე და ამის აუდიო ჩანაწერიც არსებობს. თავიდან ცდილობდა შეხვედრა დაეორგანიზებინა ჩემთან, არაფორმალურ გარემოში – ერთ-ერთ საგამოძიებო მასალას ვამზადებდით და გამოძიებასთან დაკავშირებით „დაალაგებდა“ ჩემთან ამბავს. მთხოვდა შეხვედრას. შემდეგ, როდესაც შეხვედრაზე მიიღო უარი, ვანო ჩხარტიშვილი გადავიდა ღია მუქარაზე“, – აღნიშნა ნოდარ მელაძემ.
ასევე, ნოდარ მელაძე ეთერში „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამი, ავთანდილ წერეთლის შემთხვევა გაიხსენა, რა დროსაც წერეთელს ორი სპორტული აღნაგობის მქონე პირი შეხვდა და დაემუქრა.
„სპორტული აღნაგობის ორი ადამიანი ცდილობს დაარეკეტოს ეს პირი და ეუბნება, რომ „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკას არ შეიცვლის, მაშინ მას სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. ამ ამბიდან გავიდა 10 დღეზე მეტი და პოლიციამ რა გააკეთა?! – არაფერი. ვერც კი დაადგინეს ადამიანები, თუ ვინ აშანტაჟებდა და არეკეტებდა დამოუკიდებელი ტელევიზიის მფლობელის ოჯახის წევრს. ფორმალურად გამოკითხეს ვატო წერეთლის ოჯახის წევრი და ამით ამბავი დამთავრდა“, – განაცხადა მელაძემ.
ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე თქვა, რომ გუშინ „ტვ პირველის“ ჟურნალისტ, ნატო გოგელიასა და ენმ-ის ადგილობრივ ლიდერს ბესო ქათამაძეს შორის საუბარი შედგა, რა დროსაც გოგელიამ ქათამაძეს ჰკითხა, რომელ უბნებზე იგეგმებოდა არეულობა.
კობახიძის ბრიფინგს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ჟურნალისტი ნატო გოგელია. ის წერს, რომ ამ ბრიფინგით კობახიძემ აღიარა, რომ მისი ტელეფონი ისმინება.