პროკურატურამ მოსმენების საქმეზე დაზარალებულად კიდევ რვა ჟურნალისტი ცნო

პუბლიკა

თბილისის პროკურატურამ უკანონო ფარული მოსმენა – მიყურადებისა და თვალთვალის საქმესთან დაკავშირებით დაზარალებულად კიდევ რვა ჟურნალისტი ცნო. ჟურნალისტების უფლებებს  მედიაომბუდსმენი იცავს. 

საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ მასალებს ე.წ. კრებსებს, რომლითაც სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადების და თვალთვალის შესახებ დაახლოებით 58 000-მდე ფაილი გავრცელდა.

ე.წ. კრებსები მოიცავს ჟურნალისტების, რელიგიურ ორგანიზაციათა წარმომადგენლების, პოლიტიკოსების, სამოქალაქო აქტივისტების, დიპლომატებისა და სხვა პირთა კერძო კომუნიკაციისა და პირადი ცხოვრების შესახებ დეტალურად დამუშავებულ ინფორმაციას, რომლის ავთენტურობა უკვე არაერთმა ადამიანმა დაადასტურა.

მათ შორის არიან, უკვე დაზარალებულად ცნობილი ჟურნალისტები:

  • გიორგი მგელაძე – რადიო თავისუფლების გამომძებელი ჟურნალისტი

  • გელა ბოჩიკაშვილი – On.ge ყოფილი მთავარი რედაქტორი

  • ინგა გრიგოლია – ტელეკომპანია პირველი

  • ვასილ დაბრუნდაშვილი – ტელეკომპანია პირველი

  • ნინია კაკაბაძე – უფლებადამცველი, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს ყოფილი წევრი

  • თათია ხალიანი – ონლაინგამოცემა პუბლიკა

  • ნინო ჟიჟილაშვილი – ტელეკომპანია ფორმულა

  • რუსუდან ჯაბანიშვილი – ტელეკომპანია პირველი

მანამდე პროკურატურამ გამოკითხა და დაზარალებულად აღიარა:

  • თამუნა ჩიხლაძე – ტელეკომპანია ფორმულა

  • სოფიკო მაისურაძე – ტელეკომპანია ფორმულა

  • გიორგი დარჩაშვილი – ტელეკომპანია ფორმულა

  • Ნინო ბიძინაშვილი – გაზეთი ბათუმელები / ნეტგაზეთი

  • ნოდარ მელაძე – ტელეკომპანია პირველი

  • თამთა დოლენჯაშვილი – ტელეკომპანია პირველი

თავდაპირველად, დაზარალებულად ცნობას 11 ჟურნალისტი ითხოვდა, აქედან 2022 წლის 12 ივლისს 10 ჟურნალისტის სახელით უკანონო ფარული მოსმენა – მიყურადების საქმეზე ევროპულ სასამართლოში საჩივარიც გაიგზავნა.

უფლებადამცველი ორგანიზაცია მედიაომბუდსმენი 30 ჟურნალისტს უწევს სამართლებრივ დახმარებას მოსმენების საქმეზე, მათგან 14 ჟურნალისტი სახელმწიფომ უკვე აღიარა დაზარალებულად.

მედიაომბუდსმენი უკანონო მოსმენების და თვალთვალის შემთხვევებთან დაკავშირებით, მედიის დახმარებას აგრძელებს. მედიის წარმომადგენლებისთვის, რომლებიც უკანონო მოსმენა – მიყურადების მსხვერპლი აღმოჩნდნენ, მოქმედებს ცხელი ხაზზე: 555 795 776.