პროკურატურამ ნინო დათაშვილს ბრალდება წარუდგინა

პუბლიკა

საქართველოს პროკურატურამ ნინო დათაშვილს ბრალდება წარუდგინა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმის მუხლით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის განცხადება:

„საქართველოს პროკურატურამ თბილისის საქალაქო სასამართლოს მანდატურის მიმართ, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს განხორციელებული თავდასხმის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 9 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მანდატურმა ბრალდებულს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდა, რასაც ის არ დაემორჩილა და მანდატურებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. შემდეგ კი თავს დაესხა ერთ-ერთ მანდატურს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

სამართალდამცავებმა ბრალდებული 20 ივნისს მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე სეკუნდა მუხლის მე-3 ნაწილით (საჯარო მოსამსახურეზე თავდასხმა მის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”.

აქტივისტი ნინო დათაშვილი დღეს დააკავეს – 9 ივნისს ნინო დათაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში იმ დროს იმყოფებოდა, როცა 8  სინდისის პატიმრის პროცესი მიმდინარეობდა. როგორც ის ამბობდა, პირველ დარბაზთან, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, მეგობრის ნახვა სურდა, თუმცა მანდატურმა მას ამის საშუალება არ მისცა.

ვიდეოკადრებში ჩანს, რომ ამის შემდეგ ნინო დათაშვილი პროტესტის ნიშნად ფანჯარასთან, რაფაზე ჯდება და იწყება სიტყვიერი დაპირისპირება დათაშვილსა და მანდატურს შორის, რის შემდეგაც მანდატური იწყებს ადგილიდან მის ძალით გაყვანას.

ნინო დათაშვილი კვლავ იმეორებს და მოუწოდებს მანდატურს, უთხრას, კანონის რომელი მუხლის საფუძველზე ეკრძალება ადგილზე ყოფნა.
ამის შემდეგ ადგილზე ჩნდება რამდენიმე მანდატური, რომლებსაც ძალის გამოყენებით მიჰყავთ დათაშვილი. კადრში ჩანს როგორც სიტყვიერი დაპირისპირება, ასევე ფიზიკური შეხლა-შემოხლა.
საბოლოოდ, მანდატურებმა ნინო დათაშვილი ძალის გამოყენებით გაიყვანეს და სასამართლოს შენობა დაატოვებინეს.