პროკურატურამ ზვიად კუპრავასა და კიდევ ერთი პირის მიმართ სამართლებრივი დევნა დაიწყო

პუბლიკა

პროკურატურის განცხადებით, მათ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საკრებულოს დეპუტატ ზვიად კუპრავასა და პარტიის კიდევ ერთი წარმომადგენლის მიმართ, 2020 წლის 31 ოქტომბერს თბილისში საარჩევნო უბანზე მომხდარი ძალადობის ფაქტზე.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის წევრთა არჩევნების მიმდინარეობისას, თბილისში, მირიან მეფის ქ.№16ა-ში განთავსებულ №90 კენჭისყრის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელმა ზ.კ.-მ და კ.ხ-მ ერთმანეთის მიმართ ძალადობა განახორციელეს“, – აცხადებს პროკურატურა.

პროკურატურის განცხადებით, კ.ხ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებამდე კენჭისყრის შენობაში სხვაგვარი ძალადობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას ან/და ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერს პროკურატურა.

ხოლო ზ.კ.-ს, როგორც პროკურატურა წერს, ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 162 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით კანონით გათვალისწინებულ ვადაში წარედგინება.

„პროკურატურამ კ.ხ.-ს მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა, ხოლო რაც შეეხება ზ.კ.-ს, ბრალის წარდგენის შემდგომ, მისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს“, – აცხადებს უწყება.