პროკურატურამ სპეცსამსახურის ყოფილი თანამშრომლის ნაამბობზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

პროკურატურამ ივანე გულაშვილის მიერ „მთავარი არხის“ ეთერში გაკეთებული განცხადებების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „პუბლიკას“ უწყებაში განუცხადეს, გამოძიება 22 მარტიდან, ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარეობს.

„საქართველოს გენერალურ პროკურატურაში საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, 2021 წლის 22 მარტს გამოძიება დაიწყო ცალკეულ საჯარო მოხელეთა მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების შესაძლო დარღვევისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 158-ე მუხლის მეოთხე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 333-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით“, – ნათქვამია ინფორმაციაში.


„მთავარი არხის“ ეთერში 21 მარტს გავიდა ინტერვიუ ივანე გულაშვილთან, რომელიც ამბობს, რომ მაღალჩინოსნების დავალებით, სპეცსამსახურებისთვის ხსნიდა სხვის ბინებს, სადაც აყენებდნენ სათვალთვალო მოწყობილობებს ადამიანების მაკომპრომეტირებელი მასალის მოპოვების მიზნით.

„მთავარი არხის“ ცნობით, ივანე გულაშვილი ამჟამად დაკავებულია, ინტერვიუ კი 2019 წლის 24 ნოემბერს, მის დაკავებამდე ცოტა ხნით ადრეა ჩაწერილი.

„ბევრი ჩანაწერი მაქვს, რის გამოც, შეიძლება, მომკლან“ – ამ ფრაზით იწყებს ივანე გულაშვილი ინტერვიუს. „მთავარ არხთან“ ის ამბობს, რომ მუშაობს შინაგან საქმეთა სამინისტროში, არ იცის – კონკრეტულად სად. ოფიციალურად გაფორმებულია ექსპერტ-კრიმინალისტად, თუმცა ის ეხმარება მე-7 განყოფილებას, რომელიც ფარულ ჩანაწერებზე მუშაობს. მისი თქმით, მხოლოდ მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის უშუალო დაქვემდებარებაშია, მანამდე კი მისი ხელმძღვანელი სასაზღვრო პოლიციის ამჟამინდელი უფროსი, ნიკოლოზ შარაძე იყო.