პროკურატურამ ვაკეში მრგვალი ბაღის მიმდებარედ ხულიგნობის საქმეზე 7 პირს ბრალი წარუდგინა

პუბლიკა

პროკურატურამ ვაკეში მრგვალი ბაღის მიმდებარედ ხულიგნობის საქმეზე 7 პირს ბრალი წარუდგინა.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 10 ნოემბერს, მრგვალ ბაღთან, საავტომობილო გზაზე, ბრალდებულები ფიზიკურად გაუსწორდნენ ოთხ პირს და მათ შორის ერთ-ერთს სხეულის სხვადასხვა ადგილას,ჭრილობები მიაყენეს.

აღნიშნულით ბრალდებულებმა უხეშად დაარღვიეს საზოგადოებრივი წესრიგი, მათ შორის, შეაფერხეს საავტომობილო მოძრაობა და ქვეითთა გადაადგილება, რითაც საზოგადოებისადმი გამოხატეს აშკარა უპატივცემულობა” – წერია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ბრალდება სსკ-ის 239-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა” ქვეპუნქტით (ხულიგნობა, ქმედება, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს და გამოხატავს საზოგადოებისადმი აშკარა უპატივცემულობას, ჩადენილი ძალადობით და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

TV პირველის ინფორმაციით, დაკავებულები არიან: გიორგი გიგანი, ლუკა ფარულავა, გეგი ალასანია, ლუკა რობაქიძე, ტატო მოგოშია, დავით კაჭახიძე, ნიკოლოზ ფარულავა.

მაქამდე „სანდო წყარომ” გაავრცელა ინფორმაცია, დაპირისპირებაში ფიგურირებს ვინმე „კაჭკაჭა“, რომლის სახელი და გვარი სრულად უცნობია. მასთან ერთად კი იმყოფებოდნენ დაცვის თანამშრომლებიც.

გამოცემასთან მოქალაეები ამბობდნენ, რომ ვიდეო-მასალაში პრეზიდენტის მიერ ორი თვის წინ შეწყალებული გიორგი კაჭკაჭაშვილის მამა, მერაბ კაჭკაჭაშვილი და მისი დაცვის წევრი, თემურ ქათამაძე ამოიცნეს.