თბილისის საქალაქო სასამართლოში აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. საქმეს მოსამართლე ნინო გალუსტაშვილი განიხილავს. საქმე არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული.
წინა სხდომაზე, 24 აპრილს, პროკურორმა შესავალი სიტყვა წაიკითხა. დღევანდელ სხდომაზე, შესავალი სიტყვით, დაცვის მხარის წარმომადგენლები გამოდიან.
პროცესზე შესავალი სიტყვა უკვე წარმოთქვა ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატმა თორნიკე მიგინეიშვილმა.
თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ანდრო ჭიჭინაძე, საქართველოს ევროპული მომავლის მცველ ათი ათასობით ქართველთან ერთად პარლამენტის წინ იდგა მშვიდობიანი აქციების დაწყების პირველივე დღიდან.
მისი თქმით, ანდრო ჭიჭინაძე პირველი სკოლის ტერიტორიაზე იყო, როცა შეიტყო, რომ მისი ერთ-ერთი ახლობელი იმყოფებოდა დაპირისპირების ეპიცენტრში ჭიჭინაძის ქუჩაზე.
„აღნიშნულ ტერიტორიას მიუახლოვდა. რა დროსაც დაინახა, როგორ იგინებოდნენ, იმუქრებოდნენ, ნიღბიანი სამართალდამცავები აქტივისტების მისამართით და ისროდნენ წყლით სავსე პლასტმასისა და შუშის ბოთლებს. ერთ-ერთი მათგანი თავად ანდრო ჭიჭინაძესაც მოხვდა ფეხში და სწორედ ეს ფაქტი არის აღნიშნული 05 დეკემბრის დაკავების ოქმში, სადაც ჭიჭინაძე უთითებს, რომ მარჯვენა ფეხის წვივის არეში აღენიშნება დაზიანება, რომელიც მან მიიღო რამდენიმე დღის წინ რუსთაველის ტერიტორიაზე გამართულ საპროტესტო აქციაზე.
წარმოიდგინეთ ვითარება, როდესაც კანონის დაცვით მოქმედი პოლიციელები იგინებიან დედის მისამართით, სასტიკად სცემენ და არბევენ მშვიდობიან მოქალაქეებს, ძალადობენ თავის ტოლ ახალგაზრდებზე მშვიდობიანი პროტესტისა და განსხვავებული აზრის გამო და ის, ვინც კანონს უნდა იცავდეს საშინელი სიტყვებით იგინება სწორედ იმ კადრებში, რომლებიც ბრალდების მხარემ წარმოადგინა. ნახავთ ამ კადრებს თავად.
ის, რომ მოქალაქეთა მხრიდან აქცია იმართებოდა მშვიდობიანი ფორმით და ასეულობით მოქალაქეზე იძალადა რეჟიმმა, ეს დაცვის მხარის მოსაზრება არ არის. ეს არის ფაქტები, რომლებზედაც საუბრობს არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია, მათი წარმომადგენლები, ევროპარლამენტი, ევროსაბჭო და ა.შ. ერთადერთი ვინც ამ დროს იყო აგრესიული და მოძალადე, ეს პოლიციისა და შსს-ს წარმომადგენლები იყვნენ. უამრავი საჯაროდ გავრცელებული ვიდეო იყო, რომლებიც ასახავდა ამ პირების მიერ განხორციელებულ არაადამიანურ მოპყრობას და დარწმუნებული ვარ ეს თქვენც კარგად ნახეთ ბატონო მოსამართლე“, – განაცხადა ადვოკატმა.
შესავალ სიტყვაში თორნიკე მიგინეიშვილმა ისაუბრა ბრალის დადგენილებაზე და განაცხადა, რომ ბრალდებაში აღნიშნული ფრაზები და სიტყვები იმდენად ზოგადი ხასიათის, რომ „ძალიანაც რომ მოინდომო მისგან შინაარსის ან რაიმე სახის უკანონო მოქმედების ამოკითხვა – ვერ შეძლებ“.
„წარმოდგენილი ვიდეოების ხანგრძლივობაც კი ეწინააღმდეგება ბრალდების ფორმულირებას, რომ ანდრო ჭიჭინაძე ხანგრძლივი დროის განმავლობაში ახორციელებდა რაიმე სახის მოქმედებებს, როდესაც ამის მტკიცებულება არ არსებობს. როგორ შეიძლება რამდენიმეწამიანი ვიდეოთი, ზოგადად, აღნიშნო, რომ რაიმე სახის მოქმედება უწყვეტად და ხანგრძლივად არის განხორციელებული“, – განაცხადა მიგინეიშვილმა.
თორნიკე მიგინეიშვილმა ასევე ისაუბრა ორგანიზებული დანაშაულის ნიშნების არ არსებობაზე. მისი თქმით, ნორმის სამეცნიერო განმარტება და საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკაც ცხადყოფს, რომ 225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის არსებობისათვის აუცილებელია, არსებობდეს ორგანიზატორი პიროვნება ან პიროვნებები, რომლებიც იქნებიან დანაშაულის ინიციატორები, გასცემენ შესაბამის განკარგულებებს და მითითებებს საერთო დანაშაულში მონაწილე სხვა პირების მიმართ და ამავდროულად აკონტროლებენ დანაშაულის ჩადენის პროცესს.
„პროკურატურას ერთი მტკიცებულებაც კი არ აქვს წარმოდგენილი, რომ აჩვენოს ანდრო ჭიჭინაძე მოძალადე, რომელიც თავს ესხმის ან ძალადობს ვინმეზე და განსაკუთრებით სამართალდამცველზე.
ზუსტი დროც კი არ არის მითითებული ბრალის დადგენილებაში, თვეების განმავლობაში ბრალი დაზუსტებულიც კი არ არის და, რა თქმა უნდა, არაფერია ნათქვამი კავშირზე ვინმე სხვა პიროვნებებთან, რომლებიც მსახიობმა სასამართლოში გაიცნო.
225-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შეუძლებელია ჩაიდინო უმოქმედობით. მას სჭირდება აქტიური მოქმედება, რომლის განხორციელებასაც პროკურატურა ვერ ადასტურებს. არცერთი მოქმედებით ანდრო ჭიჭინაძეს არ განუხორციელებია თავდასხმა სამართალდამცველზე.
სად არიან პიროვნებები, რომელთა სიცოცხლე ან ჯანმრთელობა ა. ჭიჭინაძის მიერ განხორციელებული მოქმედებებით დაზიანდა? სად არიან ხუთი თვის თავზეც კი? პროკურატურა მესიასავით ელოდება ასეთი ადამიანის გამოჩენას, რომ როგორმე თეთრი ძაფით შეკერილი საქმე გაამყაროს, მაგრამ ასეთი ადამიანი ვერ გამოჩნდება 9 თვის შემდეგაც კი, რადგან ის უბრალოდ არ არსებობს.
არა თუ ანდრო ჭიჭინაძის მიერ დაზიანებული ადამიანი, არამედ ის პიროვნებაც ვერ გამოჩნდება, ვინც იტყვის და დაადასტურებს, რომ მსგავსი ფაქტი დაინახა.
ხუთი თვის შემდეგაც კი ერთი ფაქტი მაინც არსებობს იმისა, რომ ანდრო ჭიჭინაძეს ვინმესთან ჰქონდა კომუნიკაცია, რომელმაც უბიძგა უკანონო მოქმედებისკენ? გამოვლინდა რომელიმე ბრალდებულთან კავშირი? რატომ არსებობს ეს მუხლი სისხლის სამართლის კოდექსში და რატომ არ არის ის გაერთიანებული სხვა მუხლების შინაარსში? – მაგ. რატომ არ არის ჩადენილი მოქმედება ხულიგნობა? პირველ რიგში, იმიტომ, რომ ჯგუფური ძალადობა 225-ე მუხლის მიხედვით, აუცილებლად ორგანიზებული დანაშაულია.
პროკურატურა ანდრო ჭიჭინაძეს ბრალად უყენებს ორგანიზებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას, ისე რომ, პირველ რიგში, ვერ ადასტურებს ძალადობრივ მოქმედებას და შემდგომ მის ორგანიზებულ ჯგუფურ ხასიათს. ფაქტები, რომლებზედაც პროკურატურა მიუთითებს, განხორციელებულია სხვადასხვა დღეს, სხვადასხვა დროს და დამოუკიდებლად, ურთიერთცოდნისა და განზრახვის მტკიცებულების გარეშე“.
თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, ანდრო ჭიჭინაძის საქმეში არარელევანტური მტკიცებულებები დევს და პატიმრობაც დაუსაბუთებელია.
„უკანონოდ დაკავებული ანდრო ჭიჭინაძის გათავისუფლებას ელოდებიან ოჯახის წევრები, მეგობრები, ვასო აბაშიძის თეატრი, რომელიც დღემდე გაჩერებულია და მისი საამაყო წარმომადგენლები, რომლებიც ახლა დარბაზში იმყოფებიან, მაყურებელი და, რაც მთავარია, უკიდურესად მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე ბავშვები, რომლებთანაც „სიცილით თერაპიის“ ფარგლებში ანდრო ჭიჭინაძე კლინიკებში სტუმრობდა, ართობდა და სიცოცხლეს უხალისებდა. დღეს კი ეს ბავშვები ანდრო ჭიჭინაძეს უკანონო პატიმრობაში გისოსებს იქით ხედავენ“, – განაცხადა სხდომაზე ადვოკატმა.