„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ანა წითლიძემ 19 სექტემბერს ბარამიას დასახლებაში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა და სამეგრელო-ზემო სვანეთის პროკურატურას მოუწოდა, რომ გადააკვალიფიციროს მუხლები და კანონის შესაბამისად ყველამ აგოს პასუხი მათ წევრებზე მომხდარი თავდასხმის გამო.
როგორც წითლიძე აღნიშნავს, ყველა ამ ადამიანის იდენტიფიცირება შესაძლებელია.
„ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ზუგდიდში ბარამიას დასახლებაში ორგანიზებულმა დაჯგუფებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნება“ და რომელსაც ადგილზე უშუალოდ ხელმძღვანელობდა სუს-ის ოდეერი – შოთა ბაჯალაძე, თავს დამესხა მე და თავს დაესხა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდულ ფრთას, როდესაც ჩვენ ვატარებდით წინასაარჩევნო კამპანიას.
ხუთი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მთელმა საქართველომ საჯაროდ იხილა, რომ ეს ორგანიზებული დაჯგუფება, რომელიც იყო ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ და ყველა ეს ადამიანი, ვინც ამ თავდასხმაში მონაწილეობდა, იყო ნარკოტიკული ნივთიერების თრობის ქვეშ, ამ ადამიანებმა საჯაროდ ფიზიკური შეურაცხყოფა მოგვაყენეს ჩვენ, მომაყენეს პირადად მე და მიაყენეს ჩვენი ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს და სცემეს ბექა ფარცვანია.
ხუთი დღე გავიდა, რაც ყველა ტელევიზიამ აჩვენა ეს კადრები და ადგილზე პოლიციას ეს ადამიანები უნდა დაეკავებინათ, თუმცა ვნახეთ ის, რომ ხუთი დღის შემდეგაც ეს ადამიანები ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები დადიან თავისუფლად ზუგდიდში და საშიში არიან თითოეული საქართველოს მოქალაქისთვის, რომლებიც არია ოპოზიციურად განწყობილები.
მე დღეს მივმართე საქართველოს გენერალურ პროკურატურას და ახლა მივმართავ სამეგრელო ზემო სვანეთის პროკურატურას – კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ყველა ადამიანი, ვინც მონაწილეობდა ამ ორგანიზებულ თავდასხმაში, რომელსაც ხელმძღვანელობდა სუს-ის ოდეერი შოთა ბაჯალაძე, რომ ყველა ეს ადამიანი არის იდენტიფიცირებული და ვითხოვთ, რომ ყველა ამ ადამიანმა კანონის შესაბამისად აგოს პასუხი.
წითლიძის თქმით, გამოძიება დაწყებულია 126-ე მუხლით, რაც გულისხმობს ჩვეულებრივ ძალადობას და ეს არის მცდელობა პოლიციის მხრიდან, რომ ამ ადამიანებს შეუმსუბუქოს სასჯელი, ამიტომაც მათი მთავარი მოთხოვნა არის არა 126-ე მუხლი, არამედ კვალიფიცირდეს ეს საქმე და გამოძიება დაიწყოს შემდეგი მუხლებით:
„225-ე მუხლი, რომელიც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ქმედებას, რომელიც ფიზიკურად უსწორდება ადამიანებს და ცემს მას. 325-ე მუხლი, ეს არის სახელმწიფო პოლიტიკურ პირზე თავდასხმა და მთელმა საქართველომ ნახა კადრები თუ როგორ დამესხა მე ადამიანი, რომელიც არის საჯარო მოხელე და მუშაობს აფხაზეთის მთავრობაში და მანამდეც არაერთხელ იყო შემჩნეული ძალადობაში და მესამე მუხლი, ეს არის 161-ე მუხლი, რომელიც გულისხმობ შეკრების და მანიფესტაციის უფლების ხელყოფას“, – განაცხადა წითლიძემ.
დეპუტატმა ანა წითლიძემ 19 სექტემბერს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზუგდიდში საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს თავს დაესხნენ.