პროკურატურის ცნობით, ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ

პუბლიკა

პროკურატურის ცნობით, ძმებ ფეიქრიშვილებს ბრალდება უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციისთვისაც წარედგინათ.

„საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა, რომელთაც არ გააჩნდათ კანონიერი შემოსავლის წყარო, მათ ხელთ არსებული, განსაკუთრებით დიდი ოდენობით დაუსაბუთებელი წარმომავლობის აქტივების გასათეთრებლად, დანაშაულებრივი სქემა შეიმუშავეს.

ფულის გათეთრების მიზნით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებმა მათი გარემოცვის წევრები შენიღბული ფინანსური ოპერაციების განხორციელების თაობაზე დაიყოლიეს და კანონიერი წარმომავლობის არმქონე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნაღდი ფული, დანაწევრებით განათავსებინეს მათ საბანკო ანგარიშებზე.

ასევე დავით და გიორგი ფეიქრიშვილების დავალებით, მათთან დაკავშირებულ პირებს, ძმების გადაცემული თანხები შეჰქონდათ პირად საბანკო ანგარიშებზე და შემდგომში, მრავალჯერადი საბანკო ტრანზაქციებით, რიცხავდნენ დავით და გიორგი ფეიქრიშვილების პირად საბანკო ანგარიშებზე.

აღნიშნული გზით, 2020-2026 წლებში, დავით და გიორგი ფეიქრიშვილების საბანკო ანგარიშებზე აკუმულირებული, დაახლოებით 10 მილიონის ლარის ექვივალენტი სხვადასხვა ვალუტა განიკარგა ბრალდებულების პირადი საჭიროებისამებრ – მოხმარდა საბანკო ვალდებულებების დაფარვას, ასევე მათი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ-მოძრავი ქონებების შეძენას“,- ნათქვამია განცხადებაში.

პროკურატურის ცნობით, დავით და გიორგი ფეიქრიშვილებს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” და მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტით (ჯგუფურად ჩადენილი უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გიორგი ფეიქრიშვილს, დავით ფეიქრიშვილს და მის დაცვის წევრს ალექსანდრე ჩაფოძეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 23 სექტემბერს შეუფარდათ.

შსს-მ ძმები გიორგი და დავით ფეიქრიშვილები და კიდევ ერთი პირი 22 სექტემბერს დააკავა.

მათი დაკავების შემდეგ შსს-მ განაცხადა, რომ ორ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით, ჯგუფურად ჩადენილი ძალადობისა და გამოძალვის ბრალდებით სამი პირი — წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი 1986 წელს დაბადებული ძმები – გიორგი და დავით ფეიქრიშვილები, ასევე 1983 წელს დაბადებული კიდევ ერთი პირი დააკავეს.