პროკურატურისთვის გაუგებარია, რას დაეფუძნა მოსამართლე ზვიადაურის აღკვეთის შეცვლისას - პროკურატურა

პუბლიკა

გენერალური პროკურატურა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის პროცესის შესახებ განცხადებას ავრცელებს.

„2021 წლის 29 ნოემბერს, თელავის რაიონულ სასამართლოში, ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, ჩატარდა წინასასამართლო სხდომა, რა დროსაც მოსამართლე მამუკა წიკლაურმა განიხილა ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის ძალაში დატოვების აუცილებლობის საკითხი. სრულიად მოულოდნელად, მოსამართლემ ზურაბ ზვიადაურისა და ჯაბა ჯანგირაშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა შეცვალა გირაოთი.

საქართველოს პროკურატურისთვის გაუგებარია, თუ რას დაეფუძნა და რა გარემოებებით იხელმძღვანელა თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლე მამუკა წიკლაურმა.

ბრალდების მხარე, სასამართლო პროცესზე სრულიად დასაბუთებულად ითხოვდა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის ძალაში დატოვებას და აპელირებდა რეალურ საფრთხეებზე, რაც თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში დაკავშირებულია ბრალდებულთა მიერ შესაძლო ახალი დანაშაულის ჩადენასთან და მოწმეებზე ზემოქმედებასთან.

მიუხედავად ამისა, მოსამართლის მიერ ზემოხსენებული გარემოებები არ იქნა მხედველობაში მიღებული, რის გამოც განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა 50 000-ლარიანი გირაოთი, ხოლო მეორე ბრალდებულს (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) 5 000-ლარიანი გირაოთი შეუცვალა.

აღსანიშნავია, რომ წინასასამართლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილება არ საჩივრდება და ამიტომ მოკლებული ვართ შესაძლებლობას აღნიშნული გადაწყვეტილება გავასაჩივროთ ზემდგომ ინსტანციაში.

ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ მოსამართლის აღნიშნული გადაწყვეტილება არის დაუსაბუთებელი და მის მიერ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება არ ემსახურება აღკვეთის ღონისძიების მიზნების შესრულებას.

შეგახსენებთ, რომ ბრალდებულებიდან ერთ-ერთს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) აქვს წარდგენილი, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო მეორეს 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რითაც შეიქმნა პირობა მისი სხვა პირის მიერ გამოყენებისათვის, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია), რაც 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებს პროკურატურა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ წინანდლის ტყეში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებული ძიუდოისტი, ზურაბ ზვიადაური გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. ასევე, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა კიდევ ერთი ბრალდებული, ჯაბა ჯანგირაშვილი.

თელავის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ზურაბ ზვიადაური 50 000-ლარიანი გირაოს, ჯაბა ჯანგირაშვილი კი 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდნენ.

წინანდლის ტყეში მკვლელობა 16 აგვისტოს მოხდა. სროლის დროს დაიჭრა 5 პირი. მათგან 3 გარდაიცვალა. გარდაცვლილთაგან ერთი ზურაბ ზვიადაურის ძმა – ზვიად ზვიადაური იყო.

ზურაბ ზვიადაურს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.