დღეს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა პროკურორმა მედეა ცირამუამ:
„რაც შეეხება მის [ირაკლი ღარიბაშვილის] მიერ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, მის მიერ საჯაროდ გავრცელებული წერილები ეყრდნობა მოარულ სხვადასხვა ინფორმაციას, რომელიც არის მის მიერ მიღებული სხვადასხვა გამოცემებიდან. მხოლოდ ამ ინფორმაციას ეყრდნობოდა მის მიერ გაკეთებულის საჯარო წერილებით, და არა რაიმე კონკრეტულ ინფორმაციას. ის იყო კატეგორიული, რომ არანაირ ინფორმაციას არ ფლობს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით.
საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით,რა შეკითხვებიც ჰქონდა გამოძიების, ის შეკითხვები დაესვა მსჯავრდებულს. გარდა ამისა, დამატებით თუ რაიმე ინფორმაციის გაჟღერება სურდა, ამის შესაძლებლობაც მიეცა, თუმცა ის არანაირ ინფორმაციას არ ფლობს. შემიძლია კატეგორიულად დაგიდასტუროთ ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არანაირ ინფორმაციას არ ფლობს და ამას ადასტურებს ოფიციალურ დოკუმენტში, გამოკითხვის ოქმში, რომელიც მოხდა მისი ადვოკატების მონაწილეობით. ჩვენ შეკითხვები დავუსვით და მან გააჟღერა, რომ ინფორმაციები, რომელიც მან გააჟღერა[ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის თაობაზე] საჯაროდ გავრცელებულ წერილში, არის მხოლოდ გამოცემებზე დაყრდნობით“, – განაცხადა პროკურორმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
პროკურატურის განცხადებით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, გამოიკითხებიან: ირაკლი ღარიბაშვილი, ნიკა გვარამია, ირმა ინაშვილი, ნანუკა ჟორჟოლიანი, ხატია დეკანოიძე, თაზო დათუნაშვილი; გია ხუხაშვილი; გიორგი ლილუაშვილი; ზაზა დავითაია; ერმილე ნემსაძე; გიორგი გიგაური.
გამოკითხვის დასრულების შემდგომ მედიასთან კომენტარი გააკეთა ღარიბაშვილის ადვოკატმა ნათია თამაზაშვილმა.
ადვოკატმა თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა თავისივე განცხადებაში აღნიშნა და დაადასტურა ფაქტები, რაც მისთვის აქამდე იყო ცნობილი და დღესაც, გამოკითხვის დროს იგივე ფაქტები დაადასტურა. ადვოკატმა ასევე თქვა, რომ ღარიბაშვილს ინფორმაციის წყაროზე არ უსაუბრია.
„ირაკლიმ თქვა, რომ როდესაც მას ივლისში მიუვიდა წერილი, სადაც პირველ პუნქტად იყო აღნიშნული დიტო ჩუბინიძე, აინტერესებდა, რატომ იყო მაინც და მაინც დიტო ჩუბინიძე, როდესაც იყვნენ სხვა ადამიანებიც, რომლებიც მასზე დადებითად საუბრობდნენ. როდესაც ამ წერილის შემდგომ დააკავშირა და გაიხსენა ფაქტები, რომ 12 თებერვალს შეუგზავნეს სტატია და იყო კითხვები იმასთან დაკავშირებით, ის ხომ არ იდგა ამ სტატიის უკან.
ეს ინფორმაცია დააკავშირა და, შესაბამისად, რამდენიმე დღის წინ, როგორც თავადაც აღნიშნა, საუბრის დროს გაიგო სტატიის რესპონდენტის გარდაცვალების შესახებ და ამიტომ, სხვა დეტალებიც საჯაროდ გამოიტანა და ასევე საჯაროდ დასვა კითხვა. მანამდეც, არაერთ მედიაში იყო გავრცელებული ეჭვები მის [ლაზარე ჯორბენაძის] გარდაცვალებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, ირაკლიმაც დასვა ეს კითხვა“, – განაცხადა ადვოკატმა „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან ახალ წერილს ავრცელებს და ყოფილი უფლებადამცველის, ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების გარემოებებთან დაკავშირებით შეკითხვებს სვამს. ციხიდან გავრცელებულ მორიგ წერილში ღარიბაშვილი წერს, რომ 12 თებერვალს საკანში შეუტანეს დიტო ჩუბინიძის მიერ „ასავალ-დასავალში“ გამოქვეყნებული სტატია, რომელშიც კობახიძე იყო გაკრიტიკებული და გადასცეს პრეტენზია, ხომ არ იდგა ის „ხსენებული სტატიის უკან“.
ღარიბაშვილი წერს, რომ ლაზარე ჯორბენაძე ამ სტატიის რესპონდენტი იყო და მოგვიანებით თავი მოიკლა. ღარიბაშვილის თქმით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ თავად „ასავალ-დასავალი“ ჯორბენაძის თვითმკვლელობის ვერსიას ეჭვქვეშ აყენებდა და წერს, რომ უნდა გაირკვეს ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი.
„2026 წლის 4 აპრილს ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ჩატარებულია არაერთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება. გამოკითხულია გარდაცვლილთან შემხებლობაში მყოფი პირები, მათ შორის, გარდაცვლილის ოჯახის წევრები და მეუღლე, რის საფუძველზეც, ამ ეტაპზე, უტყუარად დადასტურებულია თვითმკვლელობის ფაქტი“,- ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
მათივე ცნობით, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილისა და სხვა პირების მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებების საფუძველზე, პროკურატურის ზედამხედველობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ზემოთაღნიშნული პირები გამოიკითხებიან.