პროკურორი ნუგზარ ჭიტაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის „ოჯახის წევრები და მეგობრები მის დეპრესიულ მდგომარეობაზე მიუთითებენ, რაც მის მიმართ სოციალურ ქსელებსა და მედიებში აგორებული შავი პიარით იყო გამოწვეული”.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში თორნიკე რიჟვაძის საქმესთან დაკავშირებით ბრალდებულის, ალექსი ახვლედიანის სასამართლო პროცესი გაიმართა. ახვლედიანს ბრალად იარაღის დაუდევრად შენახვა ედება.
დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ ჭიტაძემ თქვა:
„მოპოვებულია კალიგრაფიული ექსპერტიზა, რომლითაც დადგენილია, რომ წერილი შესრულებულია თორნიკე რიჟვაძის მიერ. სისხლის სამართლის საქმეზე დანიშნულია სხვადასხვა ექსპერტიზა, როგორიც არის სამედიცინო, მათ შორის, ბიოლოგიური ექსპერტია. სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებულია ბალისტიკური ექსპერტიზა.
ოჯახის წევრები, მისი მეგობრები მიუთითებენ თორნიკე რიჟვაძის დეპრესიულ მდგომარეობას, რაც გამოწვეული იყო მის მიმართ აგორებული შავი პიარით. აკონკრეტებენ როგორც სოციალურ ქსელებში, ისე მასმედიის საშუალებებში გავრცელებულ ინფორმაციას და ზოგადად კამპანიას, რომელიც მის წინააღმდეგ იყო მიმართული.
იდენტიფიცირებულები ამ ეტაპზე არ არიან, მაგრამ გამოძიება გრძელდება”.
აჭარის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე ცეცხლნასროლი ჭრილობით საავადმყოფოში 7 ივლისს გადაიყვანეს. ის რეანიმაციაში იყო მოთავსებული.
პროკურატურის განცხადებით, რიჟვაძემ თვითმკვლელობა სცადა. სამთავრობო პროპაგანდისტული მედიებით გავრცელებული ინფორმაციით, რიჟვაძემ თვითმკვლელობის მცდელობამდე წერილი დაწერა, რომელშიც ირაკლი კობახიძეს და ბიძინა ივანიშვილს მისი ოჯახის დაცვა სთხოვა.
გარდა ამისა, პროპაგანდისტული მედიის მიერ გავრცელებულ წერილში წერია, რომ მისი თვითმკვლელობის მცდელობის „მიზეზი ერთია, მაბრალებენ იმას (კორუფციას და ბარიგების მფარველობას), რასაც მთელი ცხოვრება ვებრძოდით მეც და მამაჩემიც”.
8 ივლისს ირაკლი კობახიძემ თორნიკე რიჟვაძის შესახებ ლაპარაკისას თქვა, რომ „პოლიტიკოსის ცხოვრება სტრესულია” „უამრავი ცილისწამების” გამო და რომ ამას „კონკრეტული ტელევიზიები აკეთებდნენ”.
„ეს არის „ტვ პირველი”, ეს არის „ფორმულა”.
გეუბნებით, რომ ზოგადად პოლიტიკოსისთვის გარემო არის სტრესული. სტრესულია პოლიტიკოსის ცხოვრება გამომდინარე იქიდან, რომ მას აბრალებენ ათას ტყუილს ძალიან ხშირად, შეურაცხყოფას აყენებენ. ეს არის, რა თქმა უნდა, ყველას პასუხისმგებლობა, ვინც საქართველოში ცდილობს, დათესოს სიძულვილი”. – თქვა მაშინ ირაკლი კობახიძემ.
რაც შეეხება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ყოფილ დირექტორს, ალექსი ახვლედიანს – დღევანდელი, 27 აგვისტოს სასამართლო პროცესის შემდეგ მანაც გაიმეორა პროკურორის მოსაზრება.
„მე არ განვიხილავ მხოლოდ მედიას. სოციალურ ქსელში ათასნაირი ადამიანის […], არანაირი შეხება რომ არ ჰქონიათ თორნიკესან. თორნიკეს ჰქონდა ერთი ძალიან ცუდი თვისება – ეჭირა ხელში ტელეფონი და კითხულობდა კომენტარის კომენტრის კომენტარს. ზუსტად მაგას ვეუბნებოდი, თონიკე, ეს შენ გადაგიყვანს ჭკუიდან”.
ალექსი ახვლედიანისვე განცხადებით, რიჟვაძე ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში თანამდებობის დატოვებსადა და დიპლომატიურ სამსახურში გადასვლაზე ფიქრობდა.
„ძალიან დიდი სურვილი ჰქონდა, თავისი მოღვაწეობა გაეგრძელებინა დიპლომატიური მიმართულებით. ახლა ნამდვილად ვერ გეტყვით, უთხრა თუ არა მან პრემიერს ამის შესახებ, ზუსტად ვიცი, რომ შესაბამის დროს ეძებდა.
როცა გაათავისუფლეს, რამდენიმე დღეში ჩამოვიდა თბილისში, როგორც შემდგომ მომიყვა, შეხვდა პრემიერს და შეთანხმდნენ, რომ უნდა გაეგრძელებინა მუშაობა, როგორც სურვილი ჰქონდა დიპლომატიურ სამსახურში და როგორც მან მითხრა, თვითონ მოითხოვა არის ვაკანსია და თუ შესაძლებელი იქნებოდა, ეს ყოფილიყო დიდ ბრიტანეთში. მიიღო თანხმობა. მე ვურჩევდი, ეგება ბრიტანეთის მაგივრად ჩეხეთში წამოსულიყო”. – თქვა ალექსი ახვლედიანმა.
ახვლედიანმა ჟურნალისტებთან ასევე გაიხსენა ინციდენტის დღე.
„ტელეფონი დავდე დასატენად. ტუალეტში რამდენიმე წუთით შევედი. მესმის, ტელეფონი რეკავს. თორნიკეა. ხო, ძმაო-მეთქი. ხმა არ გამცა. გავთიშე და გადავურეკე. გადავურეკე და აღარ იღებდა. გამოვედი ინსტინქტურად და მერე უკვე…. გასროლის ხმა არ გამიგია”.
ალექსი ახვლედიანისვე თქმით, თორნიკე რიჟვაძე კვლავ თურქეთის კლინიკაშია. მისივე განცხადებით, რიჟვაძეს დანიშნული აქვს ფსიქოლოგიური მკურნალობა. არ აქვს ტელეფონი და სხვა მსგავსი მოწყობილობები, ხოლო მონახულებას მხოლოდ შვილები ახერხებენ.
ახვლედიანისვე თქმით, აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს კვირის ბოლოს თვალზე ოპერაციას უკეთებენ.