პროკურორის თქმით, მელიასთვის გირაოს მაშინ მოითხოვდნენ, თუ დაცვის მხარე თანახმა იქნებოდა

პუბლიკა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას სასამართლო პროცესის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში პროკურორმა ამირან გულუაშვილმა განცხადება გააკეთა და მედიის შეკითხვებს უპასუხა.

პროკურორის განცხადებით, დღევანდელ პროცესზე აღმკვეთი ღონისძიების ცვლილებასთან დაკავშირებით ბრალდების მხარეს არანაირი სახის შუამდგომლობა არ ჩამოუყალიბებია, მათ შორის, არც ნიკა მელიას პატიმრობაში დატოვების შესახებ. მისი თქმით, აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით შუამდგომლობა არ ჩამოუყალიბებია არც დაცვის მხარეს. გულუაშვილის განმარტებით, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, მოსამართლე ჩახნაშვილმა აღმკვეთ ღონისძიებაზე საკუთარი ინიციატივით იმსჯელა.

ამირან გულუაშვილმა კიდევ ერთხელ განმარტა 25 თებერვლის შეთავაზება, რომ თუ დაცვის მხარე თანახმაა, შეასრულოს გირაოს გამოყენების პირობები, ბრალდების მხარე მიმართავდა სასამართლოს, პატიმრობა შეეცვალა გირაოთი.

„25 თებერვლის შემდეგ დღეს გამართულ პროცესამდე დაცვის მხარეს არ ჰქონია მცდელობა, გაერკვია ბრალდების მხარის შემოთავაზება და ეწარმოებინა დიალოგი“, – თქვა გულუაშვილმა.

პროკურორის განმარტებით, იმისთვის, რომ ბრალდებას დღევანდელ სხდომაზე ეშუამდგომლა, წინასწარ უნდა არსებულიყო დაცვის მხარის პოზიცია, რომ ეთანხმება გირაოს გამოყენებას და საკითხი უნდა გადაწყვეტილიყო მოლაპარაკებით. გულუაშვილის თქმით, დაცვის მხარეს პოზიცია არ დაუფიქსირებია და დღევანდელ სხდომაზე განაცხადეს, რომ არ ეთანხმებიან არანაირ ალტერნატივას აღმკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

„[დაცვის მხარის მხრდიან] ახალი გარემოება არ დაფიქსირებულა დღევანდელ სასამართლოზე, ამის გამო, ბუნებრივია, ბრალდების მხარე დღევანდელ სხდომაზე ვერ ვიშუამდგომლებდით, პატიმრობა შეცვლილიყო გირაოთი“, – განაცხადა პროკურორმა.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატებმა განაცხადეს, რომ პროკურატურის მიზანი ნიკა მელიას პატიმრობა იყო, რაც ასევე სასამართლოს დაკვეთაც იყო.

„იმ ფონზე, როდესაც ორი თვის განმავლობაში პროკურატურა და უმაღლესი პოლიტიკური ხელისუფლება აცხადებდა, რომ ნებისმიერ მომენტში შეეძლო ნიკა მელიას გამოსვლა, გირაოს გადახდის შემთხვევაში, დღეს სასამართლო დარბაზში ყველაფერს აეხადა ფარდა – რომ რეალურად მათი მიზანი იყო ნიკა მელიას პატიმრობა და დღესაც მოითხოვეს ნიკა მელიას პატიმრობა. სასამართლოსაც მიღებული ჰქონდა დაკვეთა, რომ მელია დაეტოვებინა პოლიტიკურ პატიმრობაში, რათა შემდგომში მისი პატიმრობა პოლიტიკური ვაჭრობის საგანი გამხდარიყო. ეს არის მარტივი ჭეშმარიტება, თორემ თუ გადავხედავთ კანონის მოთხოვნას, ნიკა მოსამართლეს უალტერნატივოდ უნდა გაეთავისუფლებინა“, – განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

„თუკი აქამდე ნიკა მელია იყო პოლიტიკური პატიმარი, დღევანდელი პროცესის შემდეგ ის არის პოლიტიკური ტყვე“, – ასე შეაფასა პროცესი ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილებით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება, პატიმრობა ძალაში დარჩა, ამასთან ის სხდომათა დარბაზიდან ისევ გააძევეს, რადგან ნიკა მელიამ მოსამართლეს „ჩინჩალაძის მონა“ უწოდა და მიმართა: „ჩინჩალაძე მომიკითხე“. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ პროცესებზე მელიას აღარც დაასწრებენ.

სასამართლოს აქვს კანონისმიერი ვალდებულება, 2 თვეში ერთხელ იმსჯელოს აღკვეთის გადასინჯვაზე ან საკუთარი ინიციატივით, ან მხარის შუამდგომლობის საფუძველზე. აქედან გამომდინარე, მოსამართლემ იმსჯელა აღმკვეთი ღონისძიების გადასინჯვაზე და პატიმრობა ძალაში დატოვა.

პროკურატურის პოზიციაა, არ შეიცვალოს ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული აღმკვეთი ღონისძიება – პატიმრობა. პროკურატურის პოზიცია აქამდე არაერთხელ გახდა ცნობილი – თუ ნიკა მელია და დაცვის მხარე თანახმაა, გადაიხადოს გირაო, მაშინ პროკურატურაც თანახმაა, ნიკა მელია გირაოს სანაცვლოდ გამოვიდეს საპატიმროდან.

დაცვის მხარე მოითხოვდა, მელია მოსამართლეს აღმკვეთი ღონისძიების გარეშე დაეტოვებინა – გაუქმებულიყო მის მიმართ გამოყენებული პატიმრობა და ასევე ცნობილია, რომ ნიკა მელია უარს ამბობს გირაოს გადახდაზე.

სასამართლო სხდომაზე ნიკა მელიამ სიტყვის უფლებით რამდენჯერმე ისარგებლა.