მთავარმა არხმა გუშინ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ გიორგი რურუას საკნიდან გამომძიებლებმა დნმ-ისთვის ნივთები ძალის გამოყენებით ამოიღეს. რურუა ტელეკომპანია მთავარის მეწილეა და მას იარაღის უკანონო ტარებას ედავებიან.
დღეს საქალაქო სასამართლოში გიორგი რურუას პროცესი გაიმართა. პროკურორმა პროცესის დასრულების შემდეგ გავრცელებული ვიდეოჩანაწერების შესახებ კომენტარი გააკეთა.
პროკურორის ვასილ სამხარაძის თქმით, მოცემული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. „შესაბამისად ხდება პროპორციული იძულების ღონისძიების გამოყენება”, – თქვა ვასილ სამხარაძემ.
რურუას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილის თქმით, კადრებზე რომელიც გუშინ “„მთავარი არხის” ეთერში გავრცელდა, პოლიციელების მხრიდან გიორგი რურუაზე ძალადობა ჩანს.