ვინმეს მოქმედება კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა? - ოხანაშვილი რურუაზე გავრცელებული კადრების შესახებ

პუბლიკა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარის ანრი ოხანაშვილის თქმით, მას გუშინ „მთავარი არხის” ეთერში გიორგი რურუასთვის დნმ-ის აღების ამსახველი კადრები არ უნახავს, თუმცა სჯერა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა არ დარღვეულა და საგამოძიებო მოქმედებები კანონის სრული დაცვით ჩატარდა.

„სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობა თუ სადმე არის დარღვეული, ამასთან დაკავშირებით მოითხოვეთ ინფორმაცია. ვინმე ამბობს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობაა დარღვეული? სისხლის სამართლის კანონმდებლობას არ შეესაბამებოდა ვინმეს მოქმედება? დარწმუნებული ვარ ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდებოდა კანონის სრული დაცვით”, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

დღეს გიორგი რურუას პროცესის შემდეგ გუშინ გავრცელებული ვიდეოს შესახებ ჟურნალისტებთან რურუას ადვოკატმა დიტო საძაგლიშვილმაც ისაუბრა. მისი თქმით, კადრებზე, რომლებიც გუშინ „მთავარი არხის” ეთერში გავრცელდა, პოლიციელების მხრიდან გიორგი რურუაზე ძალადობა ჩანს.

პროკურორ ვასილ სამხარაძის თქმით კი,  მოცემული საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა მოსამართლის განჩინების საფუძველზე. „შესაბამისად ხდება პროპორციული იძულების ღონისძიების გამოყენება”, – თქვა ვასილ სამხარაძემ.