პრორუსული „ალტ-ინფოს" კანონპროექტის განხილვა 60 დღით გადავადდა

პუბლიკა

პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „ალტ-ინფოს“ კანონპროექტის განხილვა კიდევ 60 დღით გადაიდო. ამის შესახებ 3 მაისის ბიუროს სხდომაზე გახდა ცნობილი.

ჰომოფობიური განწყობებით განპირობებული საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს 3 კანონში ითვალისწინებს – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“; „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და „სისხლის სამართლის კოდექსში“.

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში პრორუსულ და ჰომოფობიურ პარტიას ასეთი შინაარსის მუხლების ჩამატება სურს:

„აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას;

აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას”.