რას ითვალისწინებს „ალტ-ინფოს" მიერ პარლამენტში ინიციირებული კანონპროექტი

საქართველოს პარლამენტში ინიციირებულია პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „ალტ-ინფოს” კანონპროექტი, რომელიც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს ეწინააღმდეგება.

პროექტი პარლამენტში 2022 წლის ოქტომბერში დარეგისტრირდა. იმისთვის, რომ მას კანონპროექტის სტატუსი ჰქონოდა და პარლამენტს მისი განხილვისა და კენჭისყრის ვალდებულება გასჩენოდა, „ალტ-ინფოს” არანაკლებ 25 000 მოქალაქის ხელმოწერა უნდა შეეგროვებინა.

პარლამენტში წარდგენილი დოკუმენტებით ირკვევა, რომ მათ 34 489 ხელმოწერა წარადგინეს. ხელმოწერათა ნამდვილობა შემდგომ საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა შეისწავლა და 3 000-ზე მეტი ბათილად ცნო. როგორც კომიტეტის სხდომის ოქმში წერია, ნამდვილი ხელმოწერების რაოდენობა 31 626 იყო, რის შედეგადაც მათ საკანონმდებლო ინიციატივის უფლება მიიღეს.

რა წერია კანონპროექტში:

პრორუსული პარტიის წევრების საკანონმდებლო პაკეტი ცვლილებებს 3 კანონში ითვალისწინებს – „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“; „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში” და „სისხლის სამართლის კოდექსში“;

შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებები

აღნიშნულ კანონში პრორუსულ და ჰომოფობიურ პარტიას ასეთი შინაარსის მუხლების ჩამატება სურს:

„აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს სექსუალური ორიენტაციის დემონსტრირებას, პოპულარიზაციას ან/და პროპაგანდას;

აკრძალულია შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარება, თუ იგი მიზნად ისახავს ან რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს რომელიმე რელიგიური მიმდინარეობის საწინააღმდეგო, მადისკრედიტირებელ ან/და რომელიმე რელიგიური მიმდევრობის ადამიანთა რწმენის საწინააღმდეგო, შეურაცხმყოფელ განცხადებებსა და მოწოდებებს ან/და რომლის დროსაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, ეროვნული, კუთხური რელიგიური ან სოციალური შუღლის გაღვივებას”.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები

აღსანიშნავია, რომ „ალტ-ინფოს” ზემოთ ნახსენები რეგულაციების დარღვევაზე ჯარიმებისა და ადმინისტრაციული პატიმრობის დაწესებაც სურს.

კერძოდ, ამ მათი კანონპროექტის თანახმად, ამ მუხლების დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით ან 25 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია – დაჯარიმებას 5 000 ლარის ოდენობით ან 30 დღემდე ადმინისტრაციულ პატიმრობას.

სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები

ერთი წლის განმავლობაში შეკრებისა და მანიფესტაციის კანონის ზემოთ აღნიშნული მუხლების ხელმეორედ დარღვევის შემთხვევაში პირი სისხლის სამართლის დამნაშავე გახდება და დაემუქრება:

ჯარიმა ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა ვადით 180-დან 240 საათამდე ან გამასწორებელი სამუშაო ვადით 2 წლამდე ან თავისუფლების აღკვეთა ვადით 2 წლამდე.

როდის დაიწყება პარლამენტში ამ პროექტის განხილვა

როგორც „ალტ-ინფოს” ერთ-ერთი ლიდერი შოთა მარტინენკო ამბობს, პარლამენტში ამ პროექტის განხილვის საკითხი რამდენჯერმე გადავადდა. „მეორე გადადებული ვადა გადის 5 მაისს. განიხილეთ”, – ამბობს ის.

„უბრალოდ შეუძლებელია, რომ მსგავსი კანონით ევროკავშირში რომელიმე ქვეყანა მიიღონ“

კანონპროექტი არაკონსტიტუციურია, ეწინააღმდეგება ევროპულ სამართალს და დააზიანებს ევროინტეგრაციის პროცესს, – ასე აფასებს მოსალოდნელ შედეგებს „ღია საზოგადოება ფონდის“ ადამიანის უფლებების პროგრამის კოორდინატორი საბა ბრაჭველი.

„პუბლიკასთან“ საუბრისას ის იხსენებს არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებას, სადაც ისინი მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, რომ გააძლიეროს ძალისხმევა ისტორიული შესაძლებლობის მისაღწევად და აღნიშნავდნენ იმასაც, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ინიციატივა ან მოქმედება, რომელიც ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება სტატუსის მიღების საბოტაჟი.

„მაშინ აღვნიშნავდით, რომ გვაქვს ინფორმაცია, რომ სტატუსს მოგვცემენ და უბრალოდ, ერთადერთი რაც უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ არ უნდა დავაზიანოთ ეს პროცესი „ახალი რუსული კანონის“ ან მსგავსი კანონის ინიციირებით. ანუ სახელმწიფომ არ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რაც გააუარესებს ქვეყანაში ადამიანის უფლებების მდგომარეობას“, – ამბობს ბრაჭველი.

მისივე თქმით, ბოლო დღეებში გააქტიურებული რიტორიკა კი იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ ე.წ. რუსული კანონის მსგავსად ამ თემაზე ახალი საკითხი მწიფდება, რაც მიმართული იქნება პროცესის დაზიანებისკენ. მისივე თქმით, პროექტის განხილვაც კი აღქმული იქნება საბოტაჟის მცდელობად.

„რასაც ბოლო დღეებში ვუყურებთ, რიტორიკის დონეზე, გაშუქების დონეზე პროსამთავრობო მედიებში, ხელისუფლება აპირებს ამ კანონის მიღებას. კოკა მორგოშიამაც დარწმუნებით თქვა,  რომ მას აქვს ინფორმაცია, რომ ეს კანონი, თუნდაც სხვა ფორმით, იქნება მიღებული…

პირველ რიგში, ეს კანონი იქნება არაკონსტიტუციური, რადგან შეზღუდავს შეკრებისა და მანიფესტაციის თავისუფლებას ყველა ადამიანისთვის, არა მხოლოდ ვიწრო ჯგუფისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც ხელისუფლებას არ მოეწონება.

გარდა ამისა, ეს კანონი იქნება ცალსახად შეუსაბამო ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან. ეს უბრალოდ შეუძლებელია, რომ მსგავსი კანონით ევროკავშირში რომელიმე ქვეყანა მიიღონ. შეუძლებელია, რომ ადამიანს არ შეეძლოს გარეთ გამოსვლა და პროტესტი, იმის გამო, რომ რომელიმე რელიგიურ ორგანიზაციას ეს არ მოსწონს. არ შეიძლება ერთი ადამიანის გამოხატვის უფლება შეიზღუდოს, იმიტომ, რომ მეორე ადამიანს ეს უბრალოდ არ მოსწონს“, – განმარტავს ბრაჭველი.

მან კონტექსტის აღქმისთვის ხაზი გაუსვა „ოცნების“ სატელიტების გააქტიურებასაც – 30 აპრილის აქციას, „ევროპელი სოციალისტების“ წევრის, ფრიდონ ინჯიას ინიციატივას და აღნიშნა, რომ ეს ყოველივე წინასწარ დროში კარგად გაწერილი და შეთანხმებული პროცესია.

„ჩვენ ვიცით, რომ კანონპროექტი დარეგისტრირებული იყო და შემდეგ იურიდიულმა კომიტეტმა სპეციალურად აიღო დრო ისე, რომ მაისს დამთხვეოდა. 17 მაისი მოდის და გასაგებია, რასაც აპირებენ. ასევე გააქტიურდა მედიაგაშუქება. შესაბამისად, ვხედავთ, რომ ეს მხოლოდ კოკა მორგოშიას განცხადებას არ ეფუძნება, ეს ყველაფერი ერთიანად დაგეგმილი  და გაწერილი პროცესია. იმავენაირი პროცესები მიმდინარეობდა მარტში.

„ოცნება“ ყველაფერს თავისი ხელით არ აკეთებს და მუშაობს სატელიტების მეშვეობით. ერთმა სატელიტმა აქცია ჩაატარა. მეორე სატელიტმა თქვა, რომ აქციაზე რაც გაჟღერდა, ეგ კანონად უნდა იქცესო. მესამე სატელიტს უკვე დარეგისტრირებული აქვს პროექტი. თავად „ოცნება“ კი იტყვის, არსებობს ხალხის მოთხოვნა და უნდა მივიღოთო.

სინამდვილეში, კი ეს არის აბსოლუტურად შეუსაბამო, რასაც ამბობს საზოგადოებრივი აზრის კვლევები საქართველოში. სინამდვილეში ეს არის ხელისუფლების მცდელობა, რომ გააქროს პროტესტის ხმა ქვეყანაში“, – ამბობს ბრაჭველი.