პრორუსული „ალტ-ინფოს“ წევრი ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრებით აშანტაჟებდნენ

პუბლიკა

პრორუსული, ძალადობრივი და ჰომოფობიური პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“ ყოფილი წევრი ზურა მახარაძე ამბობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გამოქვეყნებით აშანტაჟებდნენ.

როგორც ის ამბობს, სწორედ ამიტომ ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას და დისტანცირდა საჯარო სივრციდან. ამის შესახებ მან ტელეკომპანია „ალტ-ინფოს“ ეთერში ისაუბრა. ის ამჟამად „ალტ-ინფოს“ მედიამენეჯერია.

„მხარდამჭერებს ავუხსნა რატომ ვარ გაწეული გვერდზე და დარწმუნებული ვარ, ხალხი გაიგებს… სიტუაცია სინამდვილეში არის ასეთი – ის თემა კი იცით, რომ სხვა ქალის გამო ოჯახი დავანგრიე, ეგ თემა მოგიყევით ადრეც, რაც ცალკე ძალიან მძიმე თემა იყო ჩემთვის. კიდევ არის ასეთი გარემოება, რომ სხვა ქალთან ურთიერთობები რომ მქონდა, ვიღაცეებს ხელში ჩაუვარდათ ჩემი გოგოსთან მიმოწერის კადრები, ინტიმური ურთიერთობა, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იყო გარკვეული შანტაჟის თემები, გამოვაქვეყნებთ და ასე შემდეგ…

რაც შეეხება პოლიტიკურ თემებს და აქტივობას, მე მინდა თქვენ ყველას ვინც გვერდში გვედექით, ბოდიში მოგიხადოთ, რომ მე ვერ აღმოვჩნდი იმ თვისებების მატარებელი, რომელიც ამ საქმეს სჭირდებოდა და ლიდერისთვის აუცილებელი კრიტერიუმები ვერ დავაკმაყოფილე, მაგრამ ნუ თავის გასამართლებელი შეიძლება ის მქონდეს, რომ მაგის  პოლიტიკური ფასიც გადავიხადე, იმიტომ რომ პოლიტიკაში აღარ ვარ”, – ამბობს ზურაბ მახარაძე.

თუმცა, როგორც ის ამბობს, რჩება იმ პოზოციაზე რა პოზოციაც ყოველთვის ჰქონდა და „ალტ-ინფოსა“ და კონსერვატიულ პარტიას „ყველა ბრძოლაში გაყოლას“ ჰპირდება.