პროტესტი სამართლიანია, ჰესის დოკუმენტაცია მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს შეიცავს - „საბუკო“ ნამახვანჰესზე

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება ბუნების კონსერვაციისათვის (საბუკო)“ Facebook-გვერდზე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში „საბუკო“ ეხმაურება ნამახვანჰესთან დაკავშირებულ მოვლენებს და მხარდაჭერას უცხადებს ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეებს. ორგანიზაციის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„მიგვაჩნია, რომ ნამახვანჰესის პროექტთან მიმდინარე პროცესები ზუსტად ასახავს დღეს არსებულ პოლიტიკას, რომელსაც სახელმწიფო წარმართავს მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით, კერძოდ: გარემოსდაცვითი კანონმდებლობის მოთხოვნების უარყოფა; გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაინტერესებული საზოგადოების არასათანადო ჩართულობა და უგულებელყოფა.“

უმეტესად, პრობლემას იწვევს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ფორმალურ პროცესად აღქმა და მისი სუსტი აღსრულება. განსაკუთრებით იმ შემთხვევებში, როცა საქმე სახელმწიფოსა და კომპანიებს შორის პროექტის განხორციელების შესახებ, წინასწარ შეთანხმებებს ეხება.

შესაბამისად, გადაწყვეტილების მიმღები უწყებები, მოკლებულნი არიან ობიექტური და სამართლიანი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას; გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების საფუძველი კი უხარისხოდ მომზადებული ანგარიშები ხდება. ამგვარი დოკუმენტაცია ვერ აფასებს გარემოზე მოსალოდნელ ზემოქმედებას და სამომავლოდ საფრთხეს უქმნის როგორც პროექტის საქმიანობას, ასევე, გარემოსა და ადამიანთა ჯანმრთელობას.

ვფიქრობთ, მიმდინარე პროტესტი სამართლიანია და ჰესის დოკუმენტაცია მნიშვნელოვან ნაკლოვანებებს შეიცავს.

ნამახვან ჰესის პროექტის ადმინისტრაციული პროცესი ხარვეზებით წარიმართა 2019 წელს, როდესაც პროექტში ექსპლუატაციის პირობების ცვლილება განხორციელდა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ვადების დარღვევით შეაჩერა ადმინისტრაციული წარმოების პროცესი და გარემოზე სრულყოფილად შეფასების მიზნით, შპს “ენკა რინიუებლზს” მოსთხოვა დამატებითი ინფორმაციისა და განმარტებების წარმოდგენა, მათ შორის, სეისმოლოგიურ რისკებზე და სხვა საკითხებზე.

საყურადღებოა, რომ მაშინ, როდესაც ჰესის მშენებლობა დაგეგმილია სეისმურად აქტიურ ტერიტორიაზე, ასევე მეწყრულ უბნებში, ამასთან, როდესაც პროექტი ითვალისწინებს სასოფლო-სამეურნეო მიწების, სახელმწიფო ტყის ფონდის მიწების, დასახლებული პუნქტების დატბორვას და ასევე პირდაპირი და არაპირდაპირი ზემოქმედება აქვს რამდენიმე სოფელზე, კომპანიას გადაწყვეტილების გაცემის შემდგომ დაევალა უსაფრთხოებისა და ადამიანთა ჯანმრთელობაზე შესაძლო ზემოქმედებისთვის ისეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის წარდგენა, როგორიცაა მაგალითად:

  • წყალსაცავში წყალდიდობის ტრანსფორმირების პირობები და ქვემო ბიეფში წყალგაშვებების რეჟიმები (რაოდენობა, პერიოდულობა) მდ. რიონის ქვედა დინებაში არსებული ზღვრულად დასაშვები ჩაშვების ნორმების გათვალისწინებით.
  • წყალსაცავის შევსების (პირველი შევსების) გრაფიკი, ქვედა ბიეფში წყალგაშვების ოდენობის მითითებით.

ეს მეტყველებს იმაზე, რომ გზშ დოკუმენტაცია სათანადოდ ვერ აფასებდა კრიტიკულ საკითხებს. მსგავსი ნაკლოვანებები არ ახლავს მხოლოდ ნამახვან ჰესის პროექტს, არამედ, დამკვიდრებულ პრაქტიკას წარმოადგენს სხვა პრობლემატურ პროექტებზეც.

ხარვეზებით მომზადებული დოკუმენტაცია, განსაკუთრებით, ამგვარ მწვავე პროექტებზე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის არ ხდება პროექტზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღების საფუძველი.

ხარვეზების გამოსწორება ვერ მოხდება კომპანიების მიერ ფრაგმენტულად წარმოდგენილი ინფორმაციით, ვინაიდან ეს ეწინააღმდეგება გარემოზე ზემოქმედების შეფასების არსს, რომელიც კომპლექსური პროცესია და საჭიროებს ერთიან განხილვას.

გარდა გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცესის ნაკლოვანებებით წარმართვისა, პროტესტს ხშირად განაპირობებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოებრიობის მონაწილეობის პრინციპის დარღვევა.

მოქალეები არ ფლობენ ინფორმაციას და ვერ ერთვებიან გადაწყვეტილების მიღების პროცესში მათ საცხოვრებელ გარემოში დაგეგმილი სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ, რომლებიც მათზე პირდაპირ, ან არაპირდაპირ ზემოქმედებას მოახდენს.

უმნიშვნელოვანესია რომ სამომავლოდ დაცული იყოს, როგორც გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის უფლება, ასევე ინფორმაციის ხელმისაწვდომობის პრინციპი და ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ იყოს ღია და ხელმისაწვდომი დაინტერესებული საზოგადოებისთვის.

პროექტების დაგეგმვის საწყის ეტაპზევე პროცესი უნდა წარიმართოს გამჭვირვალედ და გამოხატული იყოს, როგორც საჯარო, ასევე კერძო ინტერესი, განხორციელება კი მოხდეს სოციალური, გარემოსდაცვითი და ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით.

გარდა გარემოსდაცვითი საკითხებისა, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის განვითარების საკითხი.

ქვეყანაში აქტიურად მიმდინარეობს ჰიდრო რესურსების ათვისება, ამასთან 2025 წლამდე დაგეგმილია 10 ქარის სადგურის მშენებლობა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. თითოეული ენერგოპროექტის განვითარება შესაბამისობაში უნდა იყოს არა მხოლოდ მოქმედ კანონმდებლობასთან, არამედ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულებით აღებულ ვალდებულებებთანაც“, – წერია „საბუკოს“ განცხადებაში.

LB loan image desktop LB loan image mobile