„პროტესტის ნიშნად დავწერთ, რომ ვეძებთ ქერა და პუტკუნა მიმტანს" - „ენდორფინი” ჯარიმას გაასაჩივრებს

პუბლიკა

კვების ობიექტი „ენდორფინი” შრომის ინსპექციის ჯარიმის გასაჩივრებას გეგმავს. კომპანია ამბობს, რომ დისკრიმინაციულ ვაკანსიად მიჩნეული განცხადება ხუმრობა იყო და მიაჩნიათ, რომ ხუმრობის აკრძალვა არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა.

„ვიცით, რომ ყველა შეწუხდით ჩვენზე გამოწერილი ჯარიმით. აუცილებლად გავასაჩივრებთ.

ხუმრობა რომ არის და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო სარკაზმ-სტატუსი, ამაზე გავაკეთეთ განმარტება და მეტი როგორ უნდა აგვეხსნა შრომის ინსპექციისათვის? რომ საბჭოთა კავშირში აღარ ვართ, და არც კადიროვის ჩეჩნეთში, რომ ხუმრობა აგვიკრძალონ?

თუ ვიღაც თვლის, რომ უკბილო ხუმრობაა ან ეშვებიანი, ეგ სხვა გარჩევის თემაა, მაგრამ თითქმის გამორიცხულია, არსებობდეს ადამიანი, ვინც სერიოზულად მიიღებდა ჩვენს ამ ვაკანსიას და სერიოზულად ჩათვლის, რომ მაღალ და გამხდარ ბუღალტერს ვეძებთ!

როგორც კი ჯარიმა ჩაგვბარდება, პროტესტის ნიშნად დავწერთ ახალ პოსტს, რომ: „ვეძებთ შავი, ბრიალა თვალებით ქერა და პუტკუნა მიმტანს”.

მიგვაჩნია, რომ ხუმრობის აკრძალვა არის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა, რაც არ შეიძლება დავუშვათ!”, – წერს „ენდორფინი”.


შრომის ინსპექციის სამსახურმა დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსიის განმეორებით გამოცხადების გამო კვების ობიექტი „ენფორფინი” დააჯარიმა. როგორც „პუბლიკას” პრესსამსახურში განუცხადეს, ჯარიმის ოდენობა 1 500 ლარი იყო. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად კომპანიას მათგან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.

შრომის ინსპექცია წერს, რომ საწარმომ გაფრთხილების გაცემის მიუხედავად, სოციალური ქსელის მეშვეობით, განმეორებით გამოაქვეყნა დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი განცხადება.