დისკრიმინაციული ვაკანსიის გამო ინსპექციამ „ენდორფინი" 1 500 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

შრომის ინსპექციის სამსახურმა დისკრიმინაციული შინაარსის ვაკანსიის განმეორებით გამოცხადების გამო კვების ობიექტი „ენფორფინი” დააჯარიმა. როგორც „პუბლიკას” პრესსამსახურში განუცხადეს, ჯარიმის ოდენობა 1 500 ლარი იყო. უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ თავდაპირველად კომპანიას მათგან გაფრთხილება ჰქონდა მიღებული.

შრომის ინსპექცია წერს, რომ საწარმომ გაფრთხილების გაცემის მიუხედავად, სოციალური ქსელის მეშვეობით, განმეორებით გამოაქვეყნა დისკრიმინაციული შინაარსის შემცველი განცხადება:

,, … ესაჭიროება ბუღალტერი 50 წლამდე გოგონა სრულ განაკვეთზე სამუშაოდ; მოთხოვნები: მაღალი, გამხდარი, პროგრამა ,,ფინაში“ მუშაობის გამოცდილება, წარმოებაში მუშაობის გამოცდილება; გთხოვთ სივი სელფთან ერთად გადმოგვიგზავნოთ მეილზე“.

ინსპექცია ამბობს, რომ დამსაქმებელმა გამოცხადებულ ვაკანსიას ხუმრობა უწოდა და ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისების ერთგვარ მაგალითად დაასახელა.

შრომის ინსპექცია განმარტავს, რომ დისკრიმინაცია აკრძალულია როგორც შრომით, ასევე წინასახელშეკრულებო ურთიერთობაში, მათ შორის, ვაკანსიის შესახებ განცხადებების გამოქვეყნებისა და შერჩევის ეტაპზე. დისკრიმინაცია სახეზეა, როდესაც არსებობს განსხვავებული მოპყრობა ანალოგიურ პირობებში მყოფი პირების მიმართ და რომელსაც არ აქვს ობიექტური და გონივრული გამართლება.

„შრომის ინსპექციის სამსახურმა დაადგინა, რომ დამსაქმებლის მხრიდან დასაქმების მსურველ პირებთან მიმართებით ადგილი ჰქონდა ასაკის, სქესისა და გარეგნობის ნიშნით დისკრიმინაციულ მოპყრობას, რისთვისაც სახდელის სახედ გამოყენებულ იქნა კანონით განსაზღვრული ჯარიმის სამმაგი ოდენობა და დამსაქმებელს გამოქვეყნებული ვაკანსიის ტექსტის ცვლილება დაევალა”, – ნათქვამია განცხადებაში.