შრომის ინსპექციის საქმიანობა | რა გამოწვევები გამოავლინა ოქმების ანალიზმა

პუბლიკა

„სოციალური სამართლიანობის ცენტრმა” შრომის ინსპექციისას გამოწვევებისა და სისტემის გაუმჯობესებისათვის საჭირო ნაბიჯების იდენტიფიცირების მიზნით შრომის ინსპექციის სამსახურის საქმიანობა შეაფასა.

ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ კვლევის ფარგლებში გაანალიზდა შრომის უფლებებისა და უსაფრთხოების მიმართულებით განხორციელებული ინსპექტირების ოქმები.

შრომის ნორმების ინსპექტირების ოქმების ანალიზი (2021 წლის I და II კვარტალი)

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ ინსპექტირებები განხორციელდა თბილისსა და სხვა რეგიონებში, შემოწმდა სულ 41 კომპანია.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, ყველაზე ხშირად გვხვდება შემდეგი ტიპის დარღვევები: ხელშეკრულების არსებითი პირობების ცვლა, განუსაზღვრელი სამუშაო და დასვენების დრო, ნამუშევარი დროის აღრიცხვა.

► „შრომის ნორმების ინსპექტირების გაანალიზებულ 41 შემთხვევიდან უმრავლესობა მიეკუთვნებოდა მომსახურების სექტორს (სუპერმარკეტები, საყოფაცხოვრებო ნივთების მაღაზიები, ბანკები). შემოწმებული 41 ობიექტიდან მხოლოდ 2 წარმოადგენდა საჯარო სამსახურს, კერძოდ, სოციალური მომსახურების სააგენტო და საქპატენტი.  ღია წყაროებით ხელმისაწვდომი ინფორმაციის მიხედვით, სოციალური მომსახურების სააგენტოს შემოწმება დაკავშირებული იყო სააგენტოში მიმდინარე კოლექტიურ პროტესტთან თანამშრომლებს შორის, ხოლო საქპატენტის შემოწმება, კი პოლიტიკური ნიშნით დევნას, მისი ხელმძღვანელი პირისა. აღსანიშნავია, რომ ორივე საჯარო სამსახურთან მიმართებით შრომის ინსპექციის სამსახურმა გამოავლინა განსხვავებული მიდგომა, ვიდრე ყველა სხვა ინსპექტირებისას. კერძოდ, თუ ყველა სხვა ინსპექტირებულ კომპანიას დარღვევის გამოსასწორებლად 30 დღე მიეცა, სოციალური მომსახურების სააგენტოს სამივე ფილიალის ინსპექტირების ოქმის მიხედვით, სააგენტოს დარღვევების გამოსასწორებლად 180 დღე, ანუ ექვსჯერ მეტი ვადა მიეცა, რაც არც დარღვევების სიმრავლით და არც სხვა რაიმე ობიექტური ფაქტორით არ აიხსნება. ხოლო საქპატენტის  შემთხვევაში დარღვევის გამოსწორების ვადად 20 დღე განისაზღვრა.

► 41 ინსპექტირებული კომპანიებიდან 6 დასაქმების საიტზე დამსაქმებლის მხრიდან დისკრიმინაციული კრიტერიუმების მქონე ვაკანსიის გამოქვეყნების საფუძველზე შემოწმდა.

► შრომითი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული ოქმების შესწავლამ ცხადყო, რომ შრომის ინსპექციამ ყველა შემთხვევაში, დარღვევის სიმძიმის მიუხედავად, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახედ მხოლოდ გაფრთხილება გამოიყენა.

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირებების ანალიზი (2020 წელი)

„სოციალური სამართლიანობის ცენტრი” აღნიშნავს, რომ 2019 წლიდან, დღემდე ინსპექციის მიერ ჩატარებული ინსპექტირებების 60% თბილისზე მოდის.

► ინსპექტირების სექტორული გადანაწილების ანალიზი გვაჩვენებს, რომ შრომის ინსპექციის მიერ განხორციელებული ინსპექტირებების თითქმის 75% სამშენებლო სექტორზე მოდის. აღნიშნულის ინდიკატორი ერთი მხრივ, მშენებლობების მზარდი ოდენობაა, ხოლო მეორე მხრივ, სამშენებლო სექტორის მეტნაკლებად საფუძვლიანი რეგულირებაა. სამშენებლო სექტორისთვის არსებული ტექნიკური რეგლამენტები, შრომის ინსპექციას საშუალებას აძლევს მეტი სიზუსტით და თანმიმდევრულად მოახდინოს არსებული სამშენებლო სამუშაოების ზედამხედველობა, რაც სამშენებლო სექტორში აქტიურად განხორციელებულ ინსპექტირებებს განაპირობებს.

► განსაკუთრებით აღსანიშნავია მოპოვებით სექტორში არსებული ინსპექტირებებისა და გამოყენებული ადმინისტრაციული ჯარიმების სიმცირე. საგულისხმოა, რომ მოპოვებითი სექტორისთვის, განსაკუთრებით სამთო მოპოვებითი სამუშაოებისთვის, სახელმწიფოს მიერ ტექნიკური რეგლამენტები დადგენილია, რაც მეტნაკლებად აწესრიგებს მსგავსი სამუშაოების დროს უსაფრთხოების სტანდარტებსა და პრინციპებს. საკანონმდებლო საფუძვლების მიუხედავად, მოპოვებით სექტორში შრომის ინსპექცია მინიმალური რაოდენობის ინსპექტირებებს ახორციელებს. 2020 წელს ინსპექტირებების ოდენობა მოპოვებით სექტორში მხოლოდ ცხრა იყო, ჯამური ინსპექტირებების მხოლოდ 5 %.  ამათგან, რვა შემთხვევაში, ინსპექტირება ჭიათურაში მოქმედი შპს „შუქრუთი +“-ის სხვადასხვა ობიექტზე განხორციელდა, სადაც ჯამურად 77 დარღვევა იქნა აღმოჩენილი. სამწუხაროდ, ობიექტებზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით რეინსპექტირებები არ განხორციელებულა. 2020 წელს შრომის ინსპექციამ მთლიან მოპოვებით სექტორში ჯამურად მხოლოდ 3 000 ლარის ადმინისტრაციული ჯარიმა გამოიყენა

► 2020 წელს, შრომის ინსპექციამ საკურიერო მომსახურების სექტორში მოქმედი კომპანია შპსგლოვოაფფ ჯორჯიაშეამოწმა. აღნიშნული ინსპექტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რადგან დამსაქმებელი თავს შრომითი ურთიერთობის მონაწილედ არ მიიჩნევდა და შესაბამისად შრომის უსაფრთხოების მიმართულებით არსებული სტანდარტების დაცვასაც არ უზრუნველყოფდა. არასტანდარტული სამუშაო ადგილების უსაფრთხოებისთვის, ინსპექციას სისტემური მიდგომა და განსაკუთრებული აქტივობით მუშაობა ესაჭიროება, წინააღმდეგ შემთხვევაში შპს „გლოვოაფფ ჯორჯიას” მსგავსი შემოწმება  მხოლოდ ფრაგმენტულ გამოცდილებად დარჩება.

► 2020 წელს ინსპექციამ სამუშაო ადგილებზე ჯამში 1 363 დარღვევის იდენტიფიცირება მოახდინა. დარღვევებიდან ყველაზე ხშირი სამუშაო ადგილზე უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტების არარსებობა და დასაქმებულთა ინდივიდუალური და კოლექტიური დაცვის ღონისძიებების არარსებობა იყო. მითითებული დარღვევები ყველაზე ნათლად აჩვენებს დღესდღეობით სამუშაო ადგილებზე არსებულ სისტემურ პრობლემებს და უსაფრთხოების პოლიტიკის ჩავარდნებს.

► 2020 წელს შრომის ინსპექციამ ადმინისტრაციული სახდელის სახით დამსაქმებლები ჯამურად 194 700 ლარით დააჯარიმა. ყველაზე მეტი 90 000 ლარამდე ჯარიმის ოდენობა სამშენებლო სექტორზე მოდის, ხოლო ყველაზე ცოტა 3 000 ლარი – მოპოვებით სექტორზე.

► შრომის ინსპექცია ერთი და იმავე დამსაქმებლის სხვადასხვა სამუშაო ობიექტების ინსპექტირებისას არცერთ შემთხვევაში არ ითვალისწინებს სხვა ობიექტებზე არსებულ და აღმოჩენილ დარღვევებს. ინსპექცია მსგავს შემთხვევაში ყოველი ობიექტის პირველი შემოწმების აქტში დამსაქმებელს მხოლოდ გაფრთხილებას და მითითებას აძლევს. მაგალითად შპს „შუქრუთი +“-ის რვა ობიექტის შემოწმებისას, რვავე მათგანზე მეტნაკლებად იდენტური და მნიშვნელოვანი დარღვევების აღმოჩენის მიუხედავად, ინსპექციამ დამსაქმებელს რვა გაფრთხიელება დაუწესა. პარალელურად კი, რეინსპექტირება აღარ ჩაუტარებია. ბუნდოვანია, რამდენად ახერხებს ასეთ შემთხვევაში შრომის ინსპექცია უსაფრთხოების სტანდარტის დაცვას და რამდენად თანმიმდევრულია ინსპექციის მიერ დაწესებული ადმინისტრაციული სახდელები.

► კვლავ გამოწვევა და აქტუალური საკითხია ტექნიკური რეგლამენტების საკითხი. ტექნიკური რეგლამენტების მიღების ვალდებულება საქართველოს მთავრობამ ევროკავშირთან დადებული ასოცირების შეთანხმებით იკისრა, თუმცა დღემდე, სხვადასხვა ეკონომიკური საქმიანობის სექტორისთვის მხოლოდ რვა ტექნიკური რეგლამენტია მიღებული. აღნიშნულის ფონზე, ქვეყანაში არსებობს არაერთი სექტორი, სადაც უსაფრთხოების სტანდარტების კონკრეტული პრინციპები საკანონმდებლო დონეზე საერთოდ არ არის მოწესრიგებული, რაც ცხადია უსაფრთხოების პრობლემას ქმნის სამუშაო ადგილზე, ხოლო შრომის ინსპექციას ინსპექტირების გამართულად განხორციელებაში უშლის ხელს. საქართველოს მთავრობამ მაქსიმალურად სწრაფად უნდა უზრუნველყოს ტექნიკური რეგლამენტების მიღება და დამტკიცება”, – წერს „სოციალური სამართლიანობის ცენტრი.