11 ივნისს, ევროკომისიის წარმომადგენლები საქართველოს დელეგაციას ვიზებთან დაკავშირებული სიღრმისეული დიალოგის გასამართად შეხვდნენ.
შეხვედრის შემდგომ, საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ავრცელებს.
როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ევროკომისიის აღნიშული გადაწყვეტილება ეფუძნება ანგარიშს, რომელიც „ტენდენციურად აფასებს საქართველოში არსებულ ვითარებას, რაც თავისთავად არ იძლევა სათანადო და ობიექტური დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას.“
„სავიზო დიალოგის ფარგლებში განხილულ იქნა უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ამოქმედებისთვის ევროკავშირის მხარის მიერ დასახელებული მიზეზები, ევროკომისიის მიერ წარმოდგენილი რეკომენდაციები და საქართველოს მიერ მათი შესრულების მიმართულებით განხორციელებული თუ მიმდინარე ღონისძიებები.
ხაზი გაესვა, რომ საქართველოს კონსტიტუცია და მოქმედი კანონმდებლობა უზრუნველყოფს მოქალაქეთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, მათ შორის, გამოხატვის, შეკრებისა და მანიფესტაციის, გაერთიანების, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და თანასწორობის დაცვას. აღინიშნა, რომ ქვეყანაში მოქმედებს ადამიანის უფლებების დაცვის ეფექტიანი ეროვნული მექანიზმები და გრძელდება შესაბამისი ინსტიტუციების გაძლიერება.
ასევე, ქვეყანაში მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების უზრუნველყოფის დასტურია ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში პოლიტიკური პარტიებისა თუ სამოქალაქო აქტივისტების მიერ რეგულარულად ორგანიზებული საპროტესტო აქციები.
აღინიშნა, რომ, მიუხედავად 2024 წლის აქციების ძალადობრივი ხასიათისა და სახელმწიფო ინსტიტუტებზე თუ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ განხორციელებული თავდასხმებისა, მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები სახელმწიფო მოხელეების, სამართალდამცავი სტრუქტურების თანამშრომელების უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენების და სხვა დარღვევების გამოსავლენად.
ხაზი გაესვა, რომ 2024 წლის ძალადობრივი პროტესტის დაშლის ოპერაციისას სამართალდამცავების მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების და ერთ ეპიზოდში ჟურნალისტის საქმიანობის ხელის შეშლის ბრალდებით ამჟამად დაკავებულია 5 პირი და მათ მიმართ მიმდინარეობს სასამართლო საქმის წარმოება.
ხაზი გაესვა, რომ უსაფუძვლოა არჩეული საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებული კანონების გაუქმების მოთხოვნა, მაშინ, როდესაც ისინი მიღებულია საქართველოს ეროვნული და საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ეწინააღმდეგება არც ერთ საერთაშორისო კონვენციას თუ შეთანხმებას, რომლის წევრიც არის საქართველო.
ამასთან, აღინიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით შექმნილია დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი მექანიზმები. შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა მიგრაციის მართვის, არალეგალური მიგრაციის პრევენციისა და რეადმისიის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი.
აღინიშნა, რომ საქართველო აქტიურად თანამშრომლობს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან და შესაბამის სააგენტოებთან. აღინიშნა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, ქონების მოძიების სამმართველოს შექმნა, ახალი ანტიკორუფციული სტრატეგიის შემუშავება და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერება.
სამუშაო ჯგუფმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს პრაქტიკულ საკითხებზე მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად. ამასთან, ხაზი გაესვა, რომ მიუღებელია აღნიშნული საკითხით პოლიტიკური მანიპულირება. საქართველოს მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირთან ურთიერთპატივისცემაზე, თანასწორობასა და საერთო ინტერესებზე დაფუძნებული კონსტრუქციული თანამშრომლობის გაგრძელების მზაობა და ხაზი გაუსვა მაღალი დონის პოლიტიკური დიალოგის მნიშვნელობას”,- აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.
როგორც ევროკავშირის საელჩომ განმარტა, ეს ევროკავშირის სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას. ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე შეჩერებულ იქნა თორმეტი თვის განმავლობაში, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.
რას ამბობს „ოცნება“ და რას მოითხოვს ევროკავშირი
10 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვლი სამთავრობო „იმედის“ ეთერში 11 ივნისის შეხვედრისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაესხა თავს ევროკავშირს და თქვა:
„სინამდვილეში ამაზე იქნება ხვალ საუბარი ტექნიკურ შეხვედრაზე – რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. რა ვქნათ, ჩავკეტოთ? მეორე, რატომ არ არის დაახლოებული თქვენი სასანქციო პოლიტიკა ევროკავშირთან, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაანგრიეთ თქვენი ქვეყანა, დაღუპეთ თქვენი ხალხი, თუ გინდათ, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს“, – თქვა პაპუაშვილმა.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის პოლიტიკისგან და რომ ჰარმონიზაცია აუცილებელია.
ვიზალიბერალიზაციის ბოლო – მე-7 ანგარიშში, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს 26 უვიზო შეთანხმება აქვს დადებული ქვეყნებთან, რომლებსაც ევროკავშირში მიმოსვლისთვის ვიზა სჭირდებათ. საქართველომ 2022 წლიდან არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს შემდგომი ჰარმონიზაციის კუთხით – პირიქით: 2024 წელს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებს მიანიჭა უვიზოდ გადაადგილების უფლება.
ევროკომისია ასევე მიუთითებს, რომ საქართველო აგრძელებს ისეთი სავიზო პოლიტიკის გატარებას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის კანონმდებლობისგან, კერძოდ, 17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში გადაადგილებისთვის, შესვლის უფლებას აძლევს მხოლოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე.
ანგარიშში ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში ინდოეთიდან, ასევე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი შემოდინება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ პოტენციურ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით როგორც ხმელეთით, ასევე ზღვით.
ანუ, ევროკომისიის თანახმად, ვინაიდან საქართველო აწესებს უვიზო რეჟიმს ისეთ ქვეყნებთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირი მაღალი რისკის ჯგუფად მიიჩნევს და ამ პირების ნაკადი ქვეყანაში სათანადოდ არ კონტროლდება, ჩნდება საფრთხე, რომ ეს ადამიანები საქართველოს პასპორტის აღებით (ან ქვეყნის ტერიტორიის გავლით) შეეცდებიან შენგენის ზონაში შეღწევას.
პრობლემად არის მიჩნეული თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადების დიდი რიცხვი საქართველოდან.
გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში საფრთხედ დასახელდა რუსული გავლენები.
„იზრდება შიში, რომ საქართველოში რუსული ყოფნა შეიძლება გამოყენებულ იქნას საგარეო გავლენის ოპერაციებისთვის“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ეს ყველაფერი, ევროკომისიის თანახმად, არღვევს უვიზო მიმოსვლის წინაპირობებს კორუფციასთან ბრძოლის შესახებ რეფორმებში უკან დახევასთან და მთელი რიგი რეპრესიული კანონების, მათ შორის რუსული კანონის, ე.წ ოჯახური ღირებულებების კანონის, გრანტების, FARA-ს და სხვა კანონების მიღებასთან ერთად.
რაც შეეხება პაპუაშვილის განცხადებას სასანქციო პოლიტიკასთან და რუსეთისთის სანქციების დაწესების მოთხოვნასთან დაკავშირებით – რეალურად, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის საფუძვლებში არ არსებობს პუნქტი „სხვა ქვეყნისთვის ორმხრივი სანქციების დაწესების შესახებ“.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან აცდენა ევროკავშირში გაწევრების საკითხი და არა უვიზო რეჟიმის. თუმცა, ევროკავშირს არც ამ ნაწილში მოითხოვია საქართველოსთვის, სანქციები დაწესებინა რუსეთისთვის.
ევროკავშირი ზოგადად მოითხოვს, საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
ამასვე დროს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს ევროკომისიისგან აქვს რეკომენდაცია, რომ ეტაპობრივად გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) თავსებადობა.
- ეს გულისხმობს საგარეო პოლიტიკურ განცხადებებთან მიერთებას:
მაგალითად, განცხადებები საერთაშორისო კონფლიქტებზე, ადამიანის უფლებებზე, სანქციებზე და ა.შ. - ევროკავშირის საბჭოს საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერას;
- ევროკავშირის სანქციების პოლიტიკასთან უფრო მაღალ თანხვედრას;
- საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმის მიცემისას ევროკავშირის პოზიციებთან უფრო ხშირ თანხვედრას;
- უსაფრთხოების, თავდაცვისა და კრიზისების მართვის სფეროებში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
თუმცა, ეს არის ზოგადი პოლიტიკური კრიტერიუმი გაწევრების გზაზე და არა სამართლებრივი ულტიმატუმი, მით უფრო, სავიზო რეჟიმის ნაწილში.