დღეს დღეს, 11 ივნისს, ევროკომისიის წარმომადგენლები საქართველოს დელეგაციას ვიზებთან დაკავშირებული სიღრმისეული დიალოგის გასამართად შეხვდნენ.
„ევროსკოპის“ ცნობით, შეხვედრა ევროკომისიის საშინაო და საემიგრაციო დეპატრამენტის წარმომადგენლებსა და ქართულ მხარეს შორის დასრულებულია. მოლაპარაკებები ორ საათს გაგრძელდა. „ევროსკოპი“ ავრცელებს საქართველოს წარმომადგენლის, გიორგი ტაბატაძის მოკლე კომენტარს შეხვედრის დასრულების შემდეგ:
„დიალოგის ფარგლებში გვქონდა სამუშაო შეხვედრა, მოვისმინეთ მათი პოზიციები, მათ ჩვენი პოზიციები მოისმინეს და შემდგომ უკვე მომავალში გვიჩვენებს დრო…
ჟურნალისტი: იქნება კიდევ სამუშაო შეხვედრა? – ვნახოთ …
ანუ თქვენ პოზიტიურად ხართ განწყობილი? – პოზიტიურად ვარ განწყობილი .“
როგორც ევროკავშირის საელჩომ განმარტა, ეს ევროკავშირის სავიზო რეგულაციით დადგენილ სტანდარტულ პროცესს წარმოადგენს, რომელიც ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურების შემთხვევაში იწყებს მოქმედებას. ეს პროცესი მოჰყვა 2026 წლის მარტში მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, საქართველოს დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლა საწყის ეტაპზე შეჩერებულ იქნა თორმეტი თვის განმავლობაში, წევრი სახელმწიფოების თანხმობის შემდეგ.
„შეხვედრის მიზანია იმ გარემოებების მოგვარება, რომლებმაც აღნიშნული შეჩერება გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველს საქართველოს მიერ უვიზო რეჟიმის ფარგლებში დემოკრატიისა და ფუნდამენტური უფლებების ძირითად სფეროებში აღებული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა“,- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
როგორია უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურები
6 მარტს საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის უვიზო მიმოსვლის შეჩერებით ამოქმედდა დროებითი შეჩერების განახლებული მექანიზმი და მაქსიმუმ 3 წელიწადში შესაძლოა უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის საბოლოოდ შეჩერდეს.
მესამე ქვეყანასთან სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერება საბოლოოდ წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია კვალიფიციური უმრავლესობით – ანუ საკმარისი იქნება, საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებას დათანხმდეს 27 წევრი ქვეყნიდან 15 ქვეყანა.
საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურები დაიწყება მხოლოდ მას შემდეგ, რაც ევროკომისია გამოსცემს სპეციალურ სამართლებრივ აქტს, რომელიც შეეხება საქართველოს ყველა მოქალაქეს.
ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შეჩერების პროცედურა წევრი ქვეყნების ინიციატივის ან ევროკომისიის მონიტორინგის საფუძველზე იწყება. საფუძვლის გაჩენიდან ერთი თვის ვადაში, ევროკომისიის საშინაო საქმეთა გენერალური დირექტორატი (DG HOME) ამზადებს სპეციალურ საიმპლემენტაციო აქტს.
ამ სამართლებრივ დოკუმენტს კენჭს უყრიან წევრი ქვეყნების წარმომადგენლები „სავიზო კომიტეტში“ და მისი მიღება ხდება კვალიფიციური უმრავლესობით.
აქტის დამტკიცებიდან და ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნებიდან უვიზო მიმოსვლის შეჩერების ამოქმედებამდე დრო შეიძლება მერყეობდეს რამდენიმე დღიდან მაქსიმუმ ერთ თვემდე.
აქტში მითითებული კონკრეტული თარიღიდან ოფიციალურად იწყება პირველი, 9-თვიანი ვადის ათვლა, როცა მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა დროებით არის შეჩერებული.
9-თვიანი ვადა შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 24 თვით.
ამ დროებითი შეჩერების ფაზაში ევროკომისია დაიწყებს „გაძლიერებულ დიალოგს“ მესამე ქვეყანასთან, რათა გადადგას ნაბიჯები იმ გარემოებების გამოსასწორებლად, რამაც შეჩერება გამოიწვია.
თუ დროებითი შეჩერების პერიოდში ხელისუფლებამ პრობლემები მოაგვარა, ვადის გასვლის შემდეგ უვიზო მიმოსვლა აღდგება.
თუ ამ პერიოდში, რაც ჯამში 3-წლამდე დროა, პრობლემები არ აღმოფხვრება, ძალაში შევა უვიზო მიმოსვლის სრულად, საბოლოოდ შეჩერების პროცედურა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის.
რას ამბობს „ოცნება“ და რას მოითხოვს ევროკავშირი
10 ივნისს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვლი სამთავრობო „იმედის“ ეთერში 11 ივნისის შეხვედრისა და უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერების შესახებ საუბრის დროს კიდევ ერთხელ დაესხა თავს ევროკავშირს და თქვა:
„სინამდვილეში ამაზე იქნება ხვალ საუბარი ტექნიკურ შეხვედრაზე – რატომ გაქვთ უვიზო მიმოსვლა ჩინეთთან, აზერბაიჯანთან, სომხეთთან, იმ ქვეყნებთან, სადაც ევროკავშირს არ აქვს უვიზო მიმოსვლა. რა ვქნათ, ჩავკეტოთ? მეორე, რატომ არ არის დაახლოებული თქვენი სასანქციო პოლიტიკა ევროკავშირთან, დაუწესეთ სანქციები რუსეთს, დაანგრიეთ თქვენი ქვეყანა, დაღუპეთ თქვენი ხალხი, თუ გინდათ, რომ უვიზო მიმოსვლა იყოს“, – თქვა პაპუაშვილმა.
ევროკომისია აღნიშნავს, რომ საქართველოს სავიზო პოლიტიკა მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის პოლიტიკისგან და რომ ჰარმონიზაცია აუცილებელია.
ვიზალიბერალიზაციის ბოლო – მე-7 ანგარიშში, რომელიც 19 დეკემბერს გამოქვეყნდა, ევროკავშირმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს 26 უვიზო შეთანხმება აქვს დადებული ქვეყნებთან, რომლებსაც ევროკავშირში მიმოსვლისთვის ვიზა სჭირდებათ. საქართველომ 2022 წლიდან არავითარი ნაბიჯი არ გადაუდგამს შემდგომი ჰარმონიზაციის კუთხით – პირიქით: 2024 წელს საქართველომ ჩინეთის მოქალაქეებს მიანიჭა უვიზოდ გადაადგილების უფლება.
ევროკომისია ასევე მიუთითებს, რომ საქართველო აგრძელებს ისეთი სავიზო პოლიტიკის გატარებას, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ევროკავშირის კანონმდებლობისგან, კერძოდ, 17 ქვეყნის მოქალაქეებს, რომლებსაც ვიზა სჭირდებათ როგორც ევროკავშირში, ასევე საქართველოში გადაადგილებისთვის, შესვლის უფლებას აძლევს მხოლოდ სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს (GCC) ერთ-ერთი ქვეყნის მიერ გაცემული ვიზის ან ბინადრობის ნებართვის საფუძველზე.
ანგარიშში ასევე აღინიშნა, რომ საქართველოში ინდოეთიდან, ასევე აზიისა და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებიდან მოქალაქეების მნიშვნელოვანი შემოდინება შეშფოთებას იწვევს ევროკავშირისკენ პოტენციურ არალეგალურ მიგრაციასთან დაკავშირებით როგორც ხმელეთით, ასევე ზღვით.
ანუ, ევროკომისიის თანახმად, ვინაიდან საქართველო აწესებს უვიზო რეჟიმს ისეთ ქვეყნებთან, რომელთა მოქალაქეებსაც ევროკავშირი მაღალი რისკის ჯგუფად მიიჩნევს და ამ პირების ნაკადი ქვეყანაში სათანადოდ არ კონტროლდება, ჩნდება საფრთხე, რომ ეს ადამიანები საქართველოს პასპორტის აღებით (ან ქვეყნის ტერიტორიის გავლით) შეეცდებიან შენგენის ზონაში შეღწევას.
პრობლემად არის მიჩნეული თავშესაფრის ძიების უსაფუძვლო განაცხადების დიდი რიცხვი საქართველოდან.
გარდა ამისა, ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშში საფრთხედ დასახელდა რუსული გავლენები.
„იზრდება შიში, რომ საქართველოში რუსული ყოფნა შეიძლება გამოყენებულ იქნას საგარეო გავლენის ოპერაციებისთვის“, – ვკითხულობთ ანგარიშში.
ეს ყველაფერი, ევროკომისიის თანახმად, არღვევს უვიზო მიმოსვლის წინაპირობებს კორუფციასთან ბრძოლის შესახებ რეფორმებში უკან დახევასთან და მთელი რიგი რეპრესიული კანონების, მათ შორის რუსული კანონის, ე.წ ოჯახური ღირებულებების კანონის, გრანტების, FARA-ს და სხვა კანონების მიღებასთან ერთად.
რაც შეეხება პაპუაშვილის განცხადებას სასანქციო პოლიტიკასთან და რუსეთისთის სანქციების დაწესების მოთხოვნასთან დაკავშირებით – რეალურად, უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის საფუძვლებში არ არსებობს პუნქტი „სხვა ქვეყნისთვის ორმხრივი სანქციების დაწესების შესახებ“.
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან აცდენა ევროკავშირში გაწევრების საკითხი და არა უვიზო რეჟიმის. თუმცა, ევროკავშირს არც ამ ნაწილში მოითხოვია საქართველოსთვის, სანქციები დაწესებინა რუსეთისთვის.
ევროკავშირი ზოგადად მოითხოვს, საქართველოს ტერიტორია არ იქნას გამოყენებული ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლისთვის.
ამასვე დროს, როგორც ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს ევროკომისიისგან აქვს რეკომენდაცია, რომ ეტაპობრივად გაზარდოს ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან (CFSP) თავსებადობა.
- ეს გულისხმობს საგარეო პოლიტიკურ განცხადებებთან მიერთებას:
მაგალითად, განცხადებები საერთაშორისო კონფლიქტებზე, ადამიანის უფლებებზე, სანქციებზე და ა.შ. - ევროკავშირის საბჭოს საგარეო-პოლიტიკური გადაწყვეტილებების მხარდაჭერას;
- ევროკავშირის სანქციების პოლიტიკასთან უფრო მაღალ თანხვედრას;
- საერთაშორისო ორგანიზაციებში ხმის მიცემისას ევროკავშირის პოზიციებთან უფრო ხშირ თანხვედრას;
- უსაფრთხოების, თავდაცვისა და კრიზისების მართვის სფეროებში ევროკავშირთან თანამშრომლობის გაღრმავებას.
თუმცა, ეს არის ზოგადი პოლიტიკური კრიტერიუმი გაწევრების გზაზე და არა სამართლებრივი ულტიმატუმი, მით უფრო, სავიზო რეჟიმის ნაწილში.