TI: გიორგი ჭყონიას კომპანიამ 29.2-მილიონიანი ტენდერი „ქართული ოცნების“ დაფინანსებიდან 24 საათში მოიგო

პუბლიკა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მოქმედი დეპუტატის, გიორგი ჭყონიას კომპანია „გზამ“ 29.2-მილიონიანი ტენდერი „ქართული ოცნების” დაფინანსებიდან პრაქტიკულად ერთ დღეში მოიგო.

ორგანიზაციის ინფორმაციით, კომპანიასთან დაკავშირებულმა პირებმა და თავად დეპუტატმა „ქართული ოცნებას” სატენდერო ხელშეკრულების დადების წინა დღეებში 120 000 ლარი შეწირეს. მათ შორის, ბოლო მსხვილი შემოწირულება 12 მარტს შესრულდა, ხოლო უკვე მეორე დღეს, 13 მარტს შპს „გზამ“ შესაბამის ტენდერში კონკურენტის გარეშე გაიმარჯვა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ შეფასებით, ბათუმის მერიამ სატენდერო პირობებში წინასწარ ჩადო „ხელოვნური ფილტრი” – ე.წ. გეოგრაფიული ბარიერი. კერძოდ, მონაწილეს ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში უნდა ჰქონოდა ასფალტის ქარხანა ან მიწოდების შესახებ გაფორმებული ხელშეკრულება. ორგანიზაციის აზრით, აღნიშნულმა მოთხოვნამ კონკურენცია მნიშვნელოვნად შეზღუდა.

„ამ ბარიერმა თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა ყველა სხვა მსხვილი კომპანია და მრავალმილიონიანი შესყიდვა პირდაპირ პარტიის შემომწირველებს მოარგო…რატომ არ მონაწილეობდნენ სხვა გამოცდილი გზისმშენებელი კომპანიები? მიზეზი სატენდერო დოკუმენტაციაში არსებული უჩვეულო მოთხოვნაა: პრეტენდენტს ობიექტიდან 30 კილომეტრის რადიუსში არსებული ქარხანა უნდა ჰქონდეს საკუთრებაში ან ასფალტბეტონის მოწოდების შესახებ ხელშეკრულება უნდა ჰქონდეს გაფორმებული ასეთ ქარხანასთან. ეს პირობა თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს ნებისმიერ მსხვილ კომპანიას, რომელსაც ქარხანა ბათუმის სიახლოვეს არ აქვს, ან ხელშეკრულება არ აქვს ასეთ ქარხანასთან, მიუხედავად იმისა, შეუძლია თუ არა მას ასფალტის სხვაგვარად მოწოდება” – წერია კვლევაში.

TI-ის ცნობით, კომპანია „გზას” 1.3 მილიარდ ლარზე მეტი ღირებულების ტენდერი აქვს მოგებული (ტენდერების მოგების არარეალურად მაღალი – 93%-იანი მაჩვენებლით). მმართველი პარტიისთვის კი კომპანიასთან დაკავშირებულ პირებს 1 მილიონ ლარზე მეტი აქვთ შეწირული.

კვლევის თანახმად, 2024-2026 წლებში ბათუმში გზების რეაბილიტაციის ტენდერებში „30 კმ რადიუსის წესით“ სხვა ტენდერებშიც შეიზღუდა კონკურენცია. „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ” ასეთი 5 ტენდერი აღმოაჩინა 70 მილიონი ლარზე მეტი ღირებულებით.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა” წერს, რომ, ამ ტენდერებში სულ 3 კომპანია მონაწილეობდა და მონაცვლეობით იმარჯვებდა. სამი კომპანიიდან ორი „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია, მათ ჯამში 1.6 მილიონ ლარზე მეტი შეწირეს „ქართულ ოცნებას“.

„ეს ფაქტები ხელოვნური ოლიგოპოლიის კლასიკური მაგალითებია. სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მრავალმილიონიან საგზაო ტენდერებს სამიოდე კომპანიისგან შემდგარი დახურული კლუბი ინაწილებს. ხელოვნური ბარიერების მეშვეობით კონკურენცია აღარ არსებობს, კლუბის წევრები კი მმართველ პარტიას სოლიდურ შემოწირულებებს ურიცხავენ.

კვლევამ აჩვენა, რომ მსგავსი გეოგრაფიული შეზღუდვის დაწესება არ არის ჩვეულებრივი პრაქტიკა – ის კონკურენციის ხელოვნურად შესაზღუდად შექმნილი ფილტრია. 2024-2026 წლებში გამოცხადებული 117 მსხვილი სამშენებლო ტენდერიდან (თითოეული 1 მილიონზე მეტი ღირებულების) მხოლოდ ბათუმის მერიის ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს” 5 ტენდერში განისაზღვრა წინაპირობად გეოგრაფიული სიახლოვე. ამ ტენდერების ჯამური ღირებულება 70 მილიონ ლარს აჭარბებს” – ვკითხულობთ კვევაში.

როგორც TI წერს, მონაცემების ანალიზი აჩვენებს, რომ, ამ ტენდერებში მხოლოდ 3 კომპანია იღებდა მონაწილეობას და ბიუჯეტის მილიონებს როტაციით ინაწილებდნენ. სამი კომპანიიდან ორი – შპს „გზა“ და „ბონდი 2009“ „ქართული ოცნების“ მსხვილი შემომწირველია.

„ცალკე აღებული ერთი შემთხვევა – უკონკურენტო ტენდერი, ასფალტის ქარხნის მოთხოვნა ან თუნდაც შემოწირულება – შესაძლოა შემთხვევითობითაც აიხსნას, მაგრამ როდესაც ვხედავთ 1.3 მილიარდის ღირებულების მოგებულ ტენდერებს, ტენდერში მონაწილებისთვის დამატებულ ხელოვნურ ბარიერებს, რომელიც შერჩევითად ქმნის ოლიგოპოლიას მმართველი პარტიის მსხვილი დონორებისთვის და მრავალმილიონიან ხელშეკრულებამდე ერთი დღით ადრე პარტიის ანგარიშზე ჩარიცხულ ათიათასობით ლარს, ეს უკვე კარგად ორგანიზებულ, სისტემური კორუფციის ნიშნებს ატარებს, რომელიც კონკურენციას კლავს და სახელმწიფო ბიუჯეტს ვიწრო პარტიული და პირადი ინტერესებისთვის იყენებს, საბოლოო ფასს კი საზოგადოება იხდის.

სწორედ მსგავსი სისტემური კორუფციის ნიშნების მქონე შემთხვევებს უნდა პასუხობდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და პროკურატურა ეფექტური და მიუკერძოებელი გამოძიებით, რათა დეკლარირებული კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა რეალობად იქცეს და არა ფასადად, რომლის მიზანიც შერჩევითი მართლმსაჯულების და კულუარული დაპირისპირებების დაფარვაა” – წერია კვლევაში.