პროტესტის ნიშნად „ლიტერა“ კიდევ 10-მა კონკურსანტმა დატოვა | განახლებადი

პუბლიკა

პროტესტის ნიშნად ლიტერატურულ პრემია „ლიტერა“ კიდევ ათმა კონკურსანტმა დატოვა. ამჯერად, საკუთარი კანდიდატურა კონკურსანტებმა ჯაბა ზარქუამ, გიორგი შონიამ, რატი მუჯირმა, დავით ქაშიაშვილმა, ნინო სამყურაშვილმა, ანდრო დადიანმა, თეონა ჭანიშვილმა, ზვიად კვარაცხელიამ, ელენე კვირკველიამ და ბელა ჩეკურიშვილმა მოხსნეს.

კონკურსის მონაწილეები პროტესტის მიზეზად კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ასახელებენ, რომ „წელს პირველად ჟიურის ერთ-ერთი წევრი სამინისტრომ დანიშნა“ და ბოიკოტს თეა წულუკიანს უცხადებენ.

მწერალი ჯაბა ზარქუა წერს, რომ მისი გადაწყვეტილება „წულუკიანის მიერ ჟიურიში, კეთილ საბჭოთა სტილში, თავისი წარმომადგენლის ჩასმა“ გახდა.

„ამით ცხადი გახადა პრემიის ლაურეატებით მისი პირადი დაინტერესება, როგორც თავისი საქმის მცოდნე აგიტპროპებს ეკადრებათ, კონკურსს შინაარსისგან დაცლილად მივიჩნევ და გრძელ სიაში ჩემი წიგნის ადგილს ვეღარ ვხედავ!“, – წერს ჯაბა ზარქუა.

პოეტმა გიორგი შონიამ საკუთარი ლექსების კრებული „რობოტების ყვავილები“ „ლიტერას“ გრძელი სიიდან მოხსნა. როგორც ავტორი ამბობს, წიგნი სწორედ ძალაუფლების ცენტრების წინააღმდეგაა მიმართული და „ვერანაირად ჩაჯდება კონკურსის კონტექსტში“.

„დღევანდელი მდგომარეობა იმდენად საგანგაშოა, იმდენად ვუახლოვდებით ბელარუსს, რომ თითოეული ჩვენგანი ისე უნდა დაუპირისპირდეს ამ ბოროტებას, როგორც შეუძლია. ყველა ბერკეტი გამოსაყენებელია!“, – ამბობს გიორგი შონია.

სოციალურ ქსელში პროტესტს გამოთქვამს ჟურნალისტი რატი მუჯირიც. როგორც ის facebook-პოსტში წერს, „როგორც თავისუფალი მოქალაქე, „ზემოდან“ დანიშნულ ჟიურის არ აიტანს“.

„თეა, მიკროფონი დააბრუნე! რა თქმა უნდა, თავისუფალი საქართველოს თავისუფალი მოქალაქე „ზემოდან” დანიშნულ ჟიურის არ ავიტან. „ლიტერას“ გრძელი სიიდან „მ@ილები ავღანეთზე“ გამაქვს. თეა, მიკროფონი დააბრუნე!“, – წერს მუჯირი.

ნომინაციისთვის – „წლის საუკეთესო დებიუტი“ – აღარ იბრძოლებს ჟურნალისტი დავით ქაშიაშვილი. 

„4 შერჩეული ერთიც „თეას“ დანიშნული ჟიური! – მიზეზი რის გამოც ვხსნი ჩემს წიგნს „ლიტერადან“. ეს არაა თავისუფლება, ეს ძალიან საშიში პრეცედენტია“, – წერს ქაშიაშვილი ფეისბუქზე.

„ლიტერას“ გრძელი სიიდან წიგნი მოხსნა ჟურნალისტმა ნინო სამყურაშვილმა. როგორც ის აღნიშნავს, „სადებიუტო ნომინაციაზე  „ჯავშანის“ მონაწილეობა არ გამოვა“.

„თეა მიკროფონი დააბრუნე! „ჯავშანი“ საბჭოთა პერიოდში საქართველოს მოქალაქეების თავგადასავალია. მთავარი ხაზი კი, რაც წიგნს გასდევს არის, როგორ ჩაგრავდა და ანადგურებდა სისტემა მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ძალადობის მსხვერპლ ადამიანებს… მადლობა გამომცემლობა „ინტელექტს“ ნდობისთვის და საუკეთესო მუშაობისთვის, მაგრამ  „ლიტერაში“ სადებიუტო ნომინაციაზე  „ჯავშანის“ მონაწილეობა არ გამოვა“, – წერს სამყურაშვილი.

კონკურსიდან წიგნი მოხსნა ავტორმა ანდრო დადიანმაც. როგორც მისი წიგნის გამომცემელი ხვიჩა ყალაბეგაშვილი წერს, ამ პროექტზე ავტორი 4 წლის განმავლობაში მუშაობდა და კონკურსიდან მოხსნის გადაწყვეტილება მისთვის არის უმძიმესი.

„ეს დებიუტანტი ავტორისთვის არის უმძიმესი და უაღრესად დასაფასებელი გადაწყვეტილება… როგორც გამომცემელი მას მადლობას ვუხდი, ამ მძიმე ნაბიჯისთვის და ვწუხვარ, რომ ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებას ვერაფერს ვუხერხებ (ამ ეტაპზე)…“, – წერს ყალაბეგაშვილი.

მწერალი და გამომცემელი ზვიად კვარაცხელია სოციალურ ქსელში ტექსტს აქვეყნებს და წერს, რომ როგორც ადრე იყო პრემია „ლიტერა“ დაცლილი იდეოლოგიური კონიუნქტურისგან, „ასე უნდა გაგრძელდეს“.

„ჩემი, როგორც ავტორის პოზიცია კი ეს არის – ვხსნი ჩემს წიგნს „დარეკე! დაუბარე!” პრემია „ლიტერადან“. პრემია „ლიტერა” დაფუძნების დღიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ლიტერატურულ პროცესზე, და რაც მთავარია, აბსოლუტურად დაცლილი იყო იდეოლოგიური კონიუნქტურისგან. მგონია, რომ ეს ტრადიცია უნდა გაგრძელდეს!“, – წერს კვარაცხელია.

„ლიტერას“ კონკურსიდან წიგნი ავტორმა, ელენე კვირკველიამაც მოხსნა. როგორც მწერალი ამბობს, „ის ამჟამად ბერლინშია და უნდა დაბრუნდეს საქართველოში და არა საბჭოთა კავშირში“.

„თეა წულუკიანის მიზნები დიდი ხანია გაცხადებულია, დღეს უბრალოდ ნათელი მოჰფინა ყოველივეს. არავის არაფერს მოვუწოდებ, უბრალოდ, სასაცილოა წულუკიანის ტრიუკი, პასუხმაც არ უნდა დააყოვნოს. მინისტრები, ყოფილი მინისტრები ხდებიან, დროის ამბავია“, – წერს კვირკველია.

როგორც მწერალი ბელა ჩეკურიშვილი ამბობს, მას არ სურს ისეთ კონკურსში მონაწილეობა, სადაც ხელისუფლება მწერლობის გაკონტროლებას ცდილობს და ისიც ხსნის წიგნს კონკურსიდან.

„მინდა, რომ „ლიტერა“ თავისუფალი კონკურსი იყოს… ამიტომ ვხსნი ჩემს კანდიდატურას წლევანდელი კონკურსიდან. და თუ ვინმე გულში იტყვის, რომ მე და ჩემისთანებს კალთებს არავინ დაგვახევს, ალბათ მართლები იქნებიან, უბრალოდ, მე მათ გვერდით არ ვიდგები…“, – წერს ჩეკურიშვილი.

პრემია დატოვა ასევე მწერალმა ნათია გიორგაძემ. მან თავისი წიგნი „ხმის მატარებელი“ კონკურსიდან მოხსნა.

„ჩემი სიხარული თავისუფლებაშია! უარი – ლიტერას! ვხსნი ხმის მატარებელს კონკურსიდან და მიხარია”, -დაწერა მან.

„წლის საუკეთესო წიგნის დიზაინისთვის“ ნომინაციაში მონაწილეობას აღარ მიიღებს და კონკურსს საკუთარი სურვილით ეთიშება თეონა ჭანიშვილიც. მისი დიზაინით კონკურსზე 5 წიგნი იყო წარდგენილი.


პროტესტის ნიშნად „ლიტერას“ სიიდან საკუთარი კანდიდატურა დღეს დილით კიდევ ორმა კონკურსანტმა, პოეტმა ირაკლი კაკაბაძემ და მწერალმა ეკა ქევანიშვილმა მოხსნეს.

მანამდე პრემია „ლიტერას“ სამი მწერალი გამოეთიშა. კონკურსიდან წიგნები მოხსნეს ტორესა მოსიმ და მათე სარალიშვილმა, ასევე, კონკურსი პროტესტის ნიშნად დატოვა წიგნის დიზაინერმა ნატალია ავალიანმა. ისინი პროტესტს გამოთქვამენ და ბოიკოტს უცხადებენ კულტურის მინისტრ თეა წულუკიანს.