ნამახვანჰესის ინვესტორი კომპანია „ენკა” აცხადებს, რომ პროექტის შესახებ ახალ საინფორმაციო კამპანიას იწყებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პროექტის აღმასრულებელმა დირექტორმა, მერაბ ლომინაძემ განაცხადა.
„…ბუნებრივია, არ გამოვრიცხავთ და მეტიც, ნათლად ვხედავთ, როფიგი ძალები და ადამიანები სურათის დამახინჯებასა და ადამიანების გრძნობებით მანიპულირებას ცდილობენ, აბსოლუტურად შეგნებულად და ძალიან კონკრეტული მიზნებით.
სამწუხაროდ, დღეს პროექტის საწინააღმდეგოდ პროტესტმა იმდენად ირაციონალური ფორმა მიიღო, რომ საქმიანი მსჯელობითა და კითხვებზე პასუხის ნორმალურ რეჟიმში, წყნარად პასუხის გაცემის სივრცე პრაქტიკულად აღარ დატოვა. თუმცა, ამის მიუხედავად, ჩვენ, კომპანიას გვაქვს და ვაცნობიერებთ ვალდებულებას, რომ თუნდაც დღეიდან, თუნდაც დაგვიანებით, საზოგადოების იმ ნაწილს, რომელსაც მართლაც აინტერესებს ჰესის ირგვლივ არსებული სინამდვილე, მივაწოდოთ სრული და ამომწურავი ინფორმაცია.
სწორედ ამიტომ, ჩვენ ვიწყებთ აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, რათა ეს რაციონალური ხმა მივიტანოთ საზოგადოებამდე”, – განაცხადა ლომინაძემ.
მისი თქმით, კამპანიის მიზანია, ყველა გავრცელებულ კითხვასა და „მათ შორის მითებს, რომლებიც მრავლად არის პროექტის გარშემო”, გაეცეს პასუხები.
ნამახვანჰესის წინააღმდეგ აქცია 23 მაისს თბილისშია დაგეგმილი. ჰესის წინააღმდეგ მოძრაობის მოთხოვნებია:
- გაწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ და კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და სხვა მასზე დაფუძნებული ყველა დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა.