ძირითადი აქცია გაიმართება თბილისში 23 მაისს - ვარლამ გოლეთიანი

პუბლიკა

ნამახვანჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგე აქტივისტმა ვარლამ გოლეთიანმა მთავრობის დღევანდელი განცხადების შემდეგ, თბილისში დაგეგმილი აქციის თარიღი დააანონსა. რიონის ხეობის მცველები ამბობენ, რომ მთავრობის დღევანდელი განცხადება არ აკმაყოფილებს აქტივისტების მოთხოვნებს:

„დღეს იგეგმება 4 საათისთვის სხვადასხვა ქალაქში აქციები და უახლოესი დღევანდელი დღის გეგმა ეს არის. რაც შეეხება ჩვენს გრძელვადიან და ჩვენი აქციის თბილისში გადატანას, ვამბობთ, რომ ვაანონსებთ თარიღს – 23 მაისს. მაქსიმალურად გადავწიეთ ჩვენი ძირითადი აქციის ჩატარება დედაქალაქში და მოვემზადებით მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. რა თქმა უნდა, აქაც გაგრძელდება პროტესტი სადაც ვართ. თან მოვემზადებით და 23 მაისს დავიწყებთ აუღებელ აქციებს დედაქალაქში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.


მთავრობის ადმინისტრაცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით აქტივისტების მიერ წაყენებულ პირობებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკაშვირებით განცხადება დღეს დილით გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“.

ასევე, მთავრობის ცნობით, „ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე“.

„საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – ნათქვამია განცხადებაში.