მთავრობა არ აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნებს, ვიწყებთ აქციებს სხვადასხვა ქალაქში - მირზა ნოზაძე

პუბლიკა

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე და მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ აქტივისტებმა მთავრობის მიერ გავრცელებული განცხადება შეაფასეს. მათი თქმით, აღნიშნული განცხადება არ აკმაყოფილებს აქტივისტების მოთხოვნებს.

„დღეს ჩვენ ვნახეთ მთავრობის განცხადება, სადაც ვნახეთ კიდევ ერთი დამოკიდებულება ხელისუფლების, როდესაც ის ცდილობს, რომ პროტესტის ორგანიზატორების მოთხოვნები უგულებელყოს და გადავიდეს იგნორის პოზიციაში. რა თქმა უნდა, ის განცხადება რომელიც დღეს ჩვენ ვიხილეთ მთავრობისგან, პირდაპირ არის დაუკმაყოფილებლობა ჩვენი მოთხოვნების. ანუ ისინი არ აკმაყოფილებენ ჩვენს მოთხოვნებს.

მოთხოვნები, რომლებიც ლოგიკურად გამომდინარეობდა უმნიშვბელოვანესი აღიარებიდან, რომელსაც უპრეცედენტოთ მივაღწიეთ პარასკევს ხელისუფლებასთან. ხელისუფლებამ პარასკევს აღიარა, რომ დიალოგი გაიმართებოდა მხოლოდ იმ ფორმატში, სადაც ორივე პოზიცია – მომხრეების და მოწინაარმდეგეების დათმობილია და რომ შეიძლება ჰესი არ აშენდეს ან შეიძლება ჰესი აშენდეს და ამას დიალოგი გაარკვევს“, – განაცხადა რიონის ხეობის მცველმა, მირზა ნოზაძემ.

ნოზაძის განცხადებით, დღეს დაიწყება და უკვე დაორგანიზებულია აქციები სხვადასხვა ქალაქებში:

„დღევანდელი ჩვენ გეგმები, როგორც ჩვენ ვაცხადებდით, არის უცვლელი. ჩვენ დღეს გვექნება აქციები სხვადასხვა ქალაქებში – ეს არის დაორგანიზებული. ჩვენი მომხრეები ელოდებიან ჩვენს განცხადებებს. ჩვენ აუცილად დავანახებთ ხელისუფლებას, რომ მათ ანგარიში უნდა გაუწიონ ხალხს და მასშტაბს აქციისას და აუცილებლად უნდა ისაუბრონ პროტესტის აქტორებთან და ისაუბრონ იმ კითხვებზე, რომლებიც გაგვაჩნია ჩვენ“, – განაცხადა მირზა ნოზაძემ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე კიდევ ერთმა აქტივისტმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, რომ დღეს, 4 საათისთვის იგეგმება სხვადასხვა ქალაქში აქციები. აქტივისტების თქმით, მეტი დეტალი უახლოეს საათებში გახდება ცნობილი.


მთავრობის ადმინისტრაცია ნამახვანჰესთან დაკავშირებით აქტივისტების მიერ წაყენებულ პირობებზე და მიღებულ გადაწყვეტილებებთან დაკაშვირებით განცხადება დღეს დილით გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში“.

ასევე, მთავრობის ცნობით, „ნამახვანჰესის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე“.

„საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ“, – ნათქვამია განცხადებაში.