პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა, ჩატარდება მოკვლევა - თსუ

პუბლიკა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს.

განცხადების მიხედვით, თქმით, „პროტესტმა მიიღო ძალადობრივი ფორმა. დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. 4 თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში, ერთს ადგილზე აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს.

„აქ ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თითოეულ სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში ჩატარდება მოკვლევა, თსუ სტუდენტების საკითხი გადაეცემა უნივერსიტეტის ეთიკის კომისიას, გარეშე პირების ქმედებებს კი მოჰყვება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება. ჩვენ ვემიჯნებით ასეთ ძალადობრივ ქმედებებს და მოვუწოდებთ ახალგაზრდებს, დატოვონ რექტორატი და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგსა და სასწავლო პროცესს”. – ნათქვამია განცხადებაში.


დღეს თსუ-ის სტუდენტურმა მოძრაობამ რექტორის, გიორგი შარვაშიძის კაბინეტი დაიკავა.

ისინი რექტორის გადადგომას მოითხოვენ. სტუდენტები ასევე მოითხოვენ ცვლილებას რექტორის არჩევის წესშიც. მათ მიაჩნიათ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 38-კაციანი აკადემიური საბჭოს ნაცვლად, რექტორს უნდა ირჩევდეს ამავე უნივერსიტეტის პროფესორთა სრული უმრავლესობა, პირდაპირი, ფარული კენჭისყრით.

შესაბამისად, მათი სხვა მოთხოვნებია:

1. გადადგეს რექტორი და შეიცვალოს რექტორის არჩევის წესი!
2. დაუყოვნებლივ ჩატარდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიუჯეტის სრული აუდიტი!
3. აშენდეს საერთო საცხოვრებელი!
4. შეიცვალოს ფინალური გამოცდების ჩატარების ფორმატი!