ერთ-ერთმა მაღაროელმა პირი ამოიკერა | რას პასუხობენ ისინი „ჯორჯიან მანგანეზს“

პუბლიკა

ჭიათურაში ერთ-ერთმა მაღაროელმა პროტესტის ნიშნად პირი ამოიკერა. პარალელურად, 10 დასაქმებული მე-5 დღეა შიმშილობს, 3 000-ზე მეტი მაღაროელი კი 11 დღეა გაფიცულია.

პროტესტის მონაწილეები ხელფასების გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

15 ივნისს კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ გაფიცულებს შესთავაზა, განაახლონ მუშაობა და ეფექტიანობის მიხედვით განისაზღვროს ბონუსები და ბენეფიტები.

განცხადებიდან ასევე ირკვევა, რომ იმ  თანამშრომლებს შორის, რომლებიც შეცვლილ სამუშაო პირობაზე გადასვლას არ თანხმდებიან, მედიატორის მონაწილეობით მოლაპარაკების მორიგი შეხვედრა გაიმართა და კომპანია ე.წ. ვახტური რეჟიმით მომუშავე თანამშრომლების მოთხოვნების ყველა პუნქტზე შეჯერდა, გარდა ხელფასის მატებისა და ძველ სამუშაო გრაფიკზე დაბრუნებისა.

მაღაროელები ამბობენ, რომ ტყუილი დაპირებები კომპანიის ძლიერი მხარეა და აქამდეც არაერთხელ ყოფილან მსგავსს სიტუაციაში. ისინი პროტესტის გაგრძელებას იქამდე აპირებენ, სანამ ძირეული ცვლილებები არ მოხდება და ყველა მოთხოვნა დაკმაყოფილებული არ იქნება.

„განცხადებები, ტყუილი დაპირებები არის მაგ კომპანიის ძლიერი მხარე. 2012 წელსაც იყო მსგავსი შემთხვევები, 2018-შიც, 2021-შიც და ახლაც, იგივე სიტუაციაა. ვსაუბრობთ, ელემენტარულზე, რაზეც საუბარი არ უნდა გვჭირდებოდეს და მშრომელს ნორმალური პირობები უნდა ჰქონდეს. განცხადებას და დაპირებას რომ რამე აზრი ჰქონდეს, რამეს გამოსწორება რომ ეცადა კომპანიას აქამდე ხომ არ მოვიდოდით? ხომ არავის მოუვიდოდა აზრად ან პირის ამოკერვა ან შიმშილი? იქნებოდა ჩვეულებრივი სამუშაო პროცესი, მაგრამ უშედეგოა ეს დაპირებები. შეიძლება 1 და 2 თვე რაღაცამ გაამართლოს, მაგრამ საბოლოოდ მაინც აქეთკენ მივდივართ და ისევ პრობლემების წინაშე ვდგებით. თუ რამე ქმედითი ნაბიჯი არ გადაიდგა და ძირეულად არ შეიცვალა სიტუაცია, ისე არაფერი გამოვა. აზრი არ აქვს დაპირებებს, პროტესტს ვაგრძელებთ იქამდე, სანამ მოთხოვნები დაკმაყოფილებული არ იქნება“, – ამბობს მაღაროელი დავით ჩინჩალაძე.