პროტოკოლი შეჯერდება ჯანმოსთან, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი და დავაკვირდეთ ცირკულაციას - გამყრელიძე ახალ შტამზე

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, არსებული ინფორმაციით, „ომიკრონი” სხვა შტამებთან შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული.

გამყრელიძის კომენტარს „რუსთავი 2“ ავრცელებს.

„ეპიდსიტუაცია რთულია, განსაკუთებით ახლა, როცა ასეთი საგანგაშო საგანგაშო სიგნალები ისმის ევროპიდან და ახალი ინფორმაციები ვრცელდება ახალ შტამთან დაკავშირებით. ასე სწრაფად არ ყოფილა არასდროს რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციას შემაშფოთებელი სახელი მიენიჭებინა შტამისთვის. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ძალიან საყურადღებოა და სიფრთხილე გვმართებს.

უნდა დავაკვირდეთ რამდენიმე კვირის განმავლობაში. ჯერჯერობით, რაც იციან, არის ის, რომ შედარებით უფრო ადვილად ვრცელდება და რეინფიცირების უფრო მაღალი რისკია მასთან დაკავშირებული.

შერჩევითად ჩვენთან სულ მიმდინარეობს შტამებზე ზედამხედველობა და ახლა მოვილაპარაკეთ, რომ გარკვეული პროტოკოლი შეჯერდება ჯანმოსთან, თუ სად უნდა მივიტანოთ ეჭვი და დავაკვირდეთ ქვეყანაში შტამების ცირკულაციას,” – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

კორონავირუსის ახალი შტამის გავრცელებასთან დაკავშირებით, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით, რეგულაციები წესდება.

მათი ცნობით, ნებისმიერი პირი, მოქალაქეობის მიუხედავად, რომელსაც ბოლო 14 დღის განმავლობაში, აქვს შემდეგ ქვეყნებში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში შემოსვლისას ექვემდებარება 14-დღიან იზოლაციას/კარანტინს საკარანტინე სივრცეში.

აღნიშნული ქვეყნებია:

  • სამხრეთ აფრიკა
  • ბოცვანა
  • ზიმბაბვე
  • ნამიბია
  • ლესოტო
  • ესვატინი (სვაზილენდი)
  • მოზამბიკი
  • მალავი