PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

პუბლიკა

ფარმაცევტული კომპანია PSP ონკოლოგიური მედიკამენტების ფასების ხელოვნურად გაზრდასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს.

„ონკოლოგიურ მედიკამენტებზე საოპერაციო ხარჯებისთვის განსაზღვრული პოლიტიკით მინიმალური დარიცხვები ორიდან 25 პროცენტამდე არის განსაზღვრული. ჯანდაცვის სამინისტროსთვის ცნობილია თითოეული ამ მედიკამენტის შესასყიდი ფასები ანუ თვითღირებულება. მედიკამენტების მიმოქცევის დროს, კონკრეტული პროდუქტის მოკლე ვადიდან გამომდინარე, შესაძლებელია სარეალიზაციო ფასი მნიშნელოვნად შემცირდეს და გახდეს თვითღირებულების მეოთხედიც კი.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული პოზიციები მოკლე ვადის (04/2023) გამო გაიცემოდა ოთხ-ხუთჯერ უფრო დაბალ ფასად. კომპანიაში არსებული ხარისხის სისტემის მიხედვით, ხდება იმ პროდუქციის რეალიზაციიდან ამოღება, რომელთა მოქმედების ვადაც ერთ თვეზე ნაკლებია. სწორედ ამიტომ აღნიშნულ პოზიციებზე 2023 წლის მარტიდან მოხდა ონკოლოგიური მედიკამენტების საწყის ფასებზე დაბრუნება.

სამინისტროს პორტალზე მიმდინარედ განახლდა ონკოლოგიური მედიკამენტების ფასები, საიდანაც 40-ზე მეტ, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტზე მოხდა ფასების შემცირება, ხოლო შვიდ მედიკამენტზე მოხდა 2022 წლის ბოლო კვარტლის ღირებულებაზე დაბრუნება“, – ნათქვამია PSP-ს განცხადებაში.

დღეს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ მედიკამენტზე რეფერენტული ფასების ამოქმედების შემდეგ ცალკეული ფარმაცევტული კომპანიების მხრიდან მორიგი არაკეთილსინდისიერი ქმედებები ფიქსირდება.

მათი ინფორმაციით, ამჯერად საქმე ეხება ონკოლოგიური დანიშნულების ძვირადღირებულ მედიკამენტებს, რომლებზეც რეფერენტული ფასი არ არის დაწესებული და სახელმწიფოს მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში ფინანსდება. კერძოდ, კომპანიების ნაწილმა აღნიშნულ წამლებზე ფასები ხელოვნურად და მნიშვნელოვნად გაზარდა.