„პუბლიკის“ დირექტორი სასამართლომ 2200 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, „პუბლიკის“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, ზურაბ ვარდიაშვილი სამართალდამრღვევად იქნა ცნობილი და 2200 ლარით დაჯარიმდა.

ზურა ვარდიაშვილი 2 მარტს პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ადმინისტრაციული წესით დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო მას წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

მის მიმართ შედგენილ სამართალდარღვევის ოქმში წერია, რომ „ვარდიაშვილი იგინებოდა ხმამაღლა, იყენებდა უწმაწურ სიტყვებს, არ ემორჩილებოდა პოლიციის არაერთგზის კანონიერ მოთხოვნას, რომ გაეთავისუფლებინა გზა“.

ზურა ვარდიაშვილი ბრალდებას არ იზიარებს და აცხადებს, რომ ოქმში მოყვანილი არცერთი გარემოება, ასევე, საქმის განხილვაზე შსს-ს წარმომადგენელთა განცხადებები სიმართლეს არ შეესაბამება. ის უარყოფს მათ განცხადებებს, რომ იგინებოდა და წინააღმდეგობას უწევდა პოლიციას.

2 მარტს იმავე ბრალდებით დააკავეს ასევე „ტაბულას“ ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი, რომლის საქმეზე გადაწყვეტილება ხვალ გამოცხადდება.