„პუბლიკის“ ჟურნალისტის საქმეს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლი დაემატა - შსს

პუბლიკა

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის კახა საბანაძის განცხადებით, „პუბლიკის” ჟურნალისტის, მინდია გაბაძის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის საქმეს პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის მუხლი დაემატა.

„სისხლის სამართლის კოდექსის 187 -ე მუხლით დაწყებულ გამოძიებას, რომელიც გლდანში „პუბლიკის“ ჟურნალისტთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება, დაემატა სსკ-ს 154 -ე მუხლის 1 ნაწილი, რაც ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს“, – განაცხადა კახა საბანაძემ.


31 ოქტომბერს „პუბლიკის” ჟურნალისტი გლდანის ერთ-ერთ საარჩევნო უბანთან პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა, იღებდა მოქალაქეს, რომელიც იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

ამ ფაქტის გადაღების დროს აგრესიულად განწყობილმა პირმა მას ფეხი დაარტყა, ჟურნალისტს დაუვარდა ტელეფონი, ვეღარ შეძლო ვიდეოგადაღების გაგრძელება. ასევე დაზიანდა მისი მობილური.

მომხდარზე გამოძიება შსს-მ სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო. ეს მუხლი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.