„პუბლიკის" ინტერესებს „უფლებები საქართველო“ დაიცავს

პუბლიკა

„პუბლიკის” ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის საქმეში „უფლებები საქართველო“ ჩაერთო. ორგანიზაცია „პუბლიკის“ ინტერესებს დაიცავს.

„პუბლიკას“ ჟურნალისტი მინდია გაბაძე, რომელსაც არჩევნების დღეს, ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე, თავს დაესხნენ და რომლის ინტერესებსაც „უფლებები საქართველოს“ ადვოკატი გიორგი მახარაძე იცავს, დაზარალებულად ცნეს.

ჟურნალისტზე თავდასხმა 31 ოქტომბერს, გლდანის მე-7 საარჩევნო უბანზე მოხდა. გაბაძე თავდამსხმელს მობილურით იღებდა. მოქალაქე იგინებოდა და აგრესიულად შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა ჟურნალისტებს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის (სსკ-ის 154-ე მუხლი) და ძალადობის (სსკ-ის 126-ე) მუხლებით დაიწყო. უკვე დაკავებულია თავდამსხმელიც.

„უფლებები საქართველო“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია აღნიშნულ საქმეზე გამოძიება იყოს სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტიანი მსგავსი ქმედებების სამომავლო პრევენციისა და მედიის წარმომადგენლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს უზრუნველყოფისთვის”, – წერს ორგანიზაცია.