რამდენიმე დღის წინ „ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან“ არსებულმა „ინფორმაციის დაცულობის ცენტრმა” გამოაქვეყნა მათ მიერ ჩატარებული მედიამონიტორინგის ანგარიში, სადაც ქართული მედიის დიდი ნაწილი დეზინფორმაციის, დისკრედიტაციის, დისკრიმინაციის, სიძულვილის ენის და ა.შ. გავრცელებაში იყო დადანაშაულებული.
ჩვენ, ამ განცხადებაზე ხელმომწერ მედიასაშუალებებს (Publika.ge, On.ge, netgazeti.ge) „ცესკო” გვედავებოდა დეზინფორმაციის გავრცელებასა და დისკრედიტაციას.
„პუბლიკას” დეზინფორმაციის გავრცელებად „ჩაეთვალა” არასამთავრობო ორგანიზაციების – „სამართლიანი არჩევნების” და „სამოქალაქო საარჩევნო კომისიის” განცხადებების გაშუქება, რომელშიც NGO-ები აკრიტიკებენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. ცესკოს აზრით, აღნიშნული ორგანიზაციები ავრცელებენ დეზინფორმაციას და შესაბამისად დეზინფორმატორია “პუბლიკაც”.
On.ge-ს შემთხვევაში დეზინფორმაციად მითითებული იყო მასალა სახელწოდებით: „მმართველი პარტია საუბნო კომისიებს პარტაქტივით აკომპლექტებს — სამოქალაქო საარჩევნო კომისია”, რომელიც მომზადებული იყო მოძრაობა “სირცხვილიას” მიერ დაფუძნებულ სამოქალაქო კომისიაზე დაყრდნობით და მასალაშივე ეწერა, რომ პასუხისთვის სივრცე შეთავაზებული იყო ცესკოსთვისაც. გარდა ამისა, მონიტორინგის ანგარიშში მითითებული იყო “დეზინფორმაციის” 5 შემთხვევა, შემდეგ კი გაირკვა, რომ საუბარია ერთ მასალაზე და უცნობია, რატომ წერია ანგარიშში 5.
„ნეტგაზეთის” შემთხვევაში მონიტორინგის ანგარიშში მითითებული იყო თითქოსდა დეზინფორმაციის გავრცელების სამი შემთხვევა, თუმცა მონიტორინგის ცენტრმა გამოცემას ვერ წარუდგინა შესაბამისი მასალები.
ამგვარი ბრალდება მიუღებელია სანდო, კვალიფიციური და სტანდარტებზე დაფუძნებული მედიისთვის.
22 სექტემბერს „პუბლიკის”, On.ge-ს და „ნეტგაზეთის” წარმომადგენლები შევხვდით „ცესკოს” პრესსამსახურის ხელმძღვანელს და მედიამონიტორინგის ჯგუფის ხელმძღვანელს. შეხვედრაზე ცესკოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს, რომ ეს იყო შეცდომა და მოგვიანებით შეგვატყობინებდნენ, როგორ გამოასწორებდნენ.
23 სექტემბერს ცესკომ გაავრცელა განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ „ნეტგაზეთთან მიმართებაში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა”, ხოლო “რაც შეეხება გამოცემებს „პუბლიკა“ და „ონ.ჯი“, მათთან მიმართებაში […] წარმოადგენდა მონიტორინგის ხარვეზს და შესაბამისად აღმოიფხვრა”.
ის, რასაც ცესკო ხარვეზს და შეცდომას უწოდებს, მედიისთვის რეპუტაციული ზიანის მიყენება და დეზინფორმაციის გავრცელებაში დადანაშაულებაა. მიგვაჩნია, რომ განცხადება ბუნდოვანია და დაინტერესებულ მკითხველს ნათლად ვერ უხსნის, რა შეცდომა დაუშვა ცესკომ ხელმომწერ მედიასაშუალებებთან მიმართებაში, კონკრეტულად რას უარყოფს იგი და როგორ ასწორებს შეცდომას.
ამასთან, ცესკოს საიტზე ამ დრომდე იძებნება ანგარიში როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე, სადაც „პუბლიკა”, On.ge და „ნეტგაზეთი” კვლავ დეზინფორმაციის გავრცელებაში არიან დადანაშაულებული.
არსებობს ჟურნალისტური ეთიკის სტანდარტი – როდესაც მედია უშვებს შეცდომას, ის ზუსტად იმავე არხებით და მეთოდებით ავრცელებს შესწორებას, რომლითაც მანამდე გაავრცელა მცდარი ინფორმაცია. ამასთან, შესწორებაშივე განმარტავს, რა იყო შეცდომა და ონლაინ მედიის შემთხვევაში, ცვლის უკვე გამოქვეყნებულ მასალასაც. ჩვენ, როგორც გამოცემებს, რომლებიც ყოველთვის იცავენ სტანდარტს, შესაბამისი მოლოდინი გვაქვს ცესკოსგანაც.
განცხადებაზე ხელმომწერი მედია ორგანიზაციები მოვითხოვთ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ მყისიერად უზრუნველყოს გამოქვეყნებულ და სხვა არხებით გავრცელებულ მონიტორინგის ანგარიშებში შეცდომის გასწორება და იმავე არხებით გავრცელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, იძულებული ვიქნებით დავიცვათ ჩვენი რეპუტაცია კანონმდებლობის შესაბამისად.
On.ge
„პუბლიკა”
„ნეტგაზეთი”