„ოცნებამ“ საუბნო საარჩევნო კომისიები საკუთარი აქტივით დააკომპლექტა - CEC

პუბლიკა

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, მმართველმა პარტიამ საუბნო საარჩევნო კომისიები საკუთარი აქტივით დააკომპლექტა.

მათი ცნობით, 25 აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით სამოქალაქო საარჩევნო კომისიის წევრები იღებდნენ იმის ამსახველ ვიდეოებს, თუ როგორ ირჩევდნენ წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატებს საუბნო საარჩევნო კომისიებში.

სამოქალაქო საარჩევნო კომისიის თქმით, მათ მიერ მოპოვებული ვიდეომასალა მოიცავს თბილისის ოცამდე უბნის ჩანაწერს. ისინი აცხადებენ, რომ ეტაპობრივად გასაჯაროვდება 100-მდე უბნის ჩანაწერი, სადაც მმართველი პარტია იდენტურად მოქმედებს.

სამოქალაქო საარჩევნო კომისია აქვე განმარტავს, რა როლს ასრულებს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიაში:

„საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ასრულებს სრულ ადმინისტრაციულ ფუნქციებს საუბნო საარჩევნო კომისიაში. ის იწვევს და უძღვება კომისიის სხდომას, გამოსცემს განკარგულებას დამრღვევის საარჩევნო კომისიის შენობიდან გაძევების შესახებ, კენჭისყრის შედეგების შეჯამებისთანავე ზემდგომ საოლქო საარჩევნო კომისიას გადასცემს ყველა სახის საარჩევნო დოკუმენტაციას და ახორციელებს საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილე ასრულებს კომისიის თავმჯდომარის მოვალეობას, თუ კომისიას არ ჰყავს თავმჯდომარე ან მას არ შეუძლია თავისი მოვალეობის შესრულება.

ჩვენ მიერ მოპოვებული ვიდეომასალებით მტკიცდება, რომ წინასწარი შეთანხმების საფუძველზე, კომისიის თავმჯდომარე საკუთარ მოადგილედ ნიშნავს იმავე პირს, რომელმაც ის თავმჯდომარის პოზიციაზე დაასახელა“, – წერია CEC-ის ინფორმაციაში.