სამოქალაქო საარჩევნო კომისია - „სირცხვილიასა“ და „საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაციის“ ინიციატივა

პუბლიკა

საზოგადოებრივი ინიციატივების ასოციაცია და მოძრაობა „სირცხვილია“ სამოქალაქო საარჩევნო კომისიის შექმნის ინიციატივით გამოვიდა.

„სირცხვილიას“ წარმომადგენლის, შოთა დიღმელაშვილის განმარტებით, სამოქალაქო საარჩევნო კომისიის მიზანი იქნება, საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობით, არჩევნები გამჭვირვალედ და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

„ამ მიზნით 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვის ჩვენ ვაერთიანებთ ძალისხმევას, რათა უზრუნველვყოთ წინასაარჩევნო და საარჩევნო დარღვევების მონიტორინგი; არჩევნების შედეგების ალტერნატიული დათვლა და დროული გამოქვეყნება; არჩევნების შეფასება და შედეგების მიწოდება როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო პარტნიორებისთვის მიწოდება“, – განაცხადა შოთა დიღმელაშვილმა.

მისივე განცხადებით, შეიქმნა ვებგვერდი, რომელზეც  აიტვირთება დარღვევების ამსახველი ფოტო- და ვიდეომასალა.

როგორც პროექტის იდეის ავტორმა, საარჩევნო სისტემების სპეციალისტმა აკაკი ხუსკივაძემ განმარტა, ვებგვერდზე დარღვევის ამსახველი მასალის ატვირთვას შეძლებს ნებისმიერი მოქალაქე, მასალას კი ექსპერტები გააანალიზებენ და განმარტავენ, რა დაირღვა საარჩევნო პროცესში.

დიღმელაშვილმა მოუწოდა არასამთავრობოებსა და პოლიტიკურ სპექტრს, შეუერთდნენ ორგანიზაციებს და მათი წარმომადგენლები პროცესში ჩართონ.