სინოდმა ეპისკოპის გიორგი ჯამდელიანისა და გიორგი შინჯიკაშვილის საქმეზე იმსჯელა

პუბლიკა

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, სინოდმა მიმართა ილია II-ს შუამდგომლობით, შეჩერდეს მარნეულის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აეკრძალა.

საქართველოს ეკლესიის გაფართოებული სინოდალური კომისიის სხდომა 19 ივნისს გაიმართა.

საპატრიარქო აცხადებს, რომ სინოდალური კომისიის წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოს გიორგისთან (ჯამდელიანი) დაკავშირებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ.

„მოსმენილის საფუძველზე, გაფართოებულმა სინოდალურმა კომისიამ შუამდგომლობით მიმართა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, რომ, საქმესთან დაკავშირებულ სხვა დეტალებში გარკვევამდე, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლოს მიერ მიმდინარე წლის 6 ივნისს გამოტანილი განაჩენი შეჩერდეს”. – აცხადებს საპატრიარქო.

ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი და განაცხადა, რომ ემორჩილება გადაწყვეტილებას, თუმცა, არ ეთანხმება მას, ვინაიდან ის ხარვეზებს შეიცავს.

კერძოდ, გიორგი ჯამდელიანი დავობს, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის კანონებითა და საქართველოს ეკლესიის დებულებებით, სასულიერო და საერო პირებთან დაკავშირებული საკითხები ადგილობრივი ეპისკოპოსის კომპეტენციაა და საჩივარი მხოლოდ საკმარისი საფუძვლით შეიძლება გადაეცეს კათოლიკოს-პატრიარქს ან წმინდა სინოდს.

ამასთან, მომჩივანი თავად უნდა წარსდგეს საეკლესიო სასამართლოზე და თავი იმართლოს. თუმცა, ჯამდელიანის თქმით, საპატრიარქომ ეს პროცედურები არ დაიცვა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ, ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) სავარაუდო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გიორგი შინჯიკაშვილს, რომელიც 12 მაისამდე ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზიარება 10 ივნისს აუკრძალა.

8 ივნისს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა  ქადაგებისას განაცხადა, რომ „მთავრობის მოქმედი წევრი” მის მოწამვლას გეგმავდა და გადაბირებული ჰყავდათ მონაზონი, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.

მალევე გაირკვა, რომ გიორგი ჯამდელიანი გიორგი შინჯიკაშვილზე ლაპარაკობს.

8 ივნისსვე პროკურატურამ განაცხადა, რომ გიორგი ჯამდელიანის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო, თუმცა, მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა უწყებასთან თანამშრომლობაზე უარი თქვა.