პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

პროკურატურამ მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, გამოძიება დაიწყო. უწყება ამბობს, რომ გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

„საქართველოს პროკურატურამ სხვადასხვა მედიასაშუალებებით გავრცელებული მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსის მეუფე გიორგი ჯამდელიანის მიერ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, სადაც ის მისი განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით საუბრობს, გამოძიება დაიწყო.
საქართველოს პროკურატურაში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობის მომზადება) დაიწყო.
გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები“, – წერია განცხადებაში.

მარნეულის და ჰუჯაბის ეპისკოპოსი გიორგი (ჯამდელიანი) ამბობს, რომ მოქმედი მთავრობის წევრი მის მოწამვლას გეგმავდა და გადაბირებული ჰყავდათ მონაზონი, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა. ამ თემაზე მან ქადაგების დროს ისაუბრა.

ეპისკოპოსი ამბობს, რომ ეს პიროვნება უშიშროების უწყების წარმომადგენელია. მისივე თქმით, მონაზონს ერთი წლის განმავლობაში „ამუშავებდნენ“ და ეუბნებოდნენ, რომ ეპისკოპოსისთვის საჭმელში საწამლავი ჩაეყარა ან კონკრეტული საწამლავი მისთვის ხელზე წაესვა და ერთ საათში ცოცხალი აღარ იქნებოდა.

საკითხზე საპატრიარქო ჯერ არ გამოხმაურებია. „პუბლიკა“ ცდილობდა საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელთან დაკავშირებას. პასუხის შემთხვევაში მასალა განახლდება.