მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ გიორგი შინჯიკაშვილს ზიარება აუკრძალა

პუბლიკა

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის სასამართლომ, ეპისკოპოსს გიორგის (ჯამდელიანი) სავარაუდო მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გიორგი შინჯიკაშვილს, რომელიც 12 მაისამდე ქვემო ქართლი სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის თანამდებობას იკავებდა, ზიარება აუკრძალა.

„ბრალდებულ ბატონ გ.შ.-ს გულწრფელ სინანულამდე, აეკრძალოს წმინდა და საღვთო ზიარების მიღება, ხოლო სინანულის შემთხვევაში, დაექვემდებაროს წმინდათა შორის ჩვენი მამის, ბასილი კესარიელის 56-ე დადგენილებას და ოცი წელი დაჰყოს უზიარებელმა”, – წერია განჩინებაში, რომელსაც მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 6 ივნისს მოიწვიეს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლო ეპისკოპოს გიორგის თავმჯდომარეობით, რათა განეხილა მონაზვნის თ.კ.-ს მიერ საერო პირის გ.შ.-ს წინააღმდეგ წაყენებული ბრალდება.

„საეპისკოპოსო სასამართლოზე გამოძახებულ იქნა ბრალდებული ბატონი გ.შ, რომლის ჩვენებაც მოსმენილ იყო. სასამართლომ ასევე მოისმინა მონაზონ თ.კ-ს დეტალური ჩვენება, სხვა სასულიერო პირების თანასწრებით, ასევე მოწმეთა ჩვენებები და ფაქტობრივი მტკიცებულებები, რომელთა საფუძველზეც გამოიკვეთა, რომ ბრალდებულის მხრიდან ეპისკოპოსის წინააღმდეგ მართლაც არსებობდა განზრახვა ფიზიკური განადგურებისა.

მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის საეპისკოპოსო სასამართლომ, წმინდა კანონებითა (ანტიოქიის კრების მე-4, მე-6 და მე-12 კანონები და სხვ.) და საქართველოს ეკლესიის დებულებით (თავი II, 59) მასზე მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, განიხილა რა წარმოდგენილი ბრალდება და მტკიცებულებები, მიიღო შემდეგი გადაწყვეტილება: ბრალდებული პირი, გ.შ, ცნობილია დამნაშავედ ეკლესიის წინააღმდეგ ჩადენილ უმძიმეს დანაშაულში, კერძოდ:

მკვლელობის ჩადენის მცდელობაში (დაგეგმვა და განხორციელების მცდელობა), რაც შეესაბამება ცხოვრების ხელყოფის უმძიმეს ცოდვას (იხ. მათ. 5: 21; ანკვირიის კრების 22-ე კანონი; წმ. ბასილი დიდის მე-8 და 56-ე კანონები და სხვ.)“, – წერია დოკუმენტში.


მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსმა 8 ივნისს ქადაგებისას განაცხადა, რომ მოქმედი მთავრობის წევრი მის მოწამვლას გეგმავდა და გადაბირებული ჰყავდათ მონაზონი, რომელსაც ეპარქიიდან ინფორმაციები გაჰქონდა.

ეპისკოპოსის თქმით, ეს პიროვნება უშიშროების უწყების წარმომადგენელია. მისივე განცხადებით, მონაზონს ერთი წლის განმავლობაში „ამუშავებდნენ“ და ეუბნებოდნენ, რომ ეპისკოპოსისთვის საჭმელში საწამლავი ჩაეყარა ან კონკრეტული საწამლავი მისთვის ხელზე წაესვა და ერთ საათში ცოცხალი აღარ იქნებოდა.

„ჰყავდა გადაბირებული ერთი წლის განმავლობაში ჩემი მონაზონი, რომელიც ცხოვრობდა რეზიდენციაში, რომელსაც ავალებდნენ…. ეს კაცი არის მაღალჩინოსანი, კონკრეტულად უშიშროების უწყების წარმომადგენელი. მონაზონს გაჰქონდა ყველა ინფორმაცია რეზიდენციიდან, თუმცა კი მე არაფერი დასამალი არ მაქვს, მაგრამ ხომ არსებობს აღსარებები, არსებობს პრივატული საუბრები და ასე შემდეგ, შიდა ოჯახის რაღაც. ეს პიროვნება ჰყავდათ, არ მინდა რუსული ტერმინი გამოვიყენო, მაგრამ უფრო გასაგები რომ იყოს ბევრისთვის, „დავერბორკებული“. არ ვიცი, რით დააშანტაჟეს, არ ვიცი, კი რა გაუკეთეს, თუმცა მე ვიცი, მაგრამ თავს ვიკავებ ახლა ამისგან.

ერთი წლის განმავლობაში ამუშავებდნენ და ეუბნებოდნენ მას, რომ ან უნდა ჩაუყარო საჭმელში საწამლავი, ან მოგცემთ, მოუსვამ ხელზე და ერთ საათში ის აღარ იქნება. ასეთი მოვლენები და ვითარებაა ეპარქიაში. ეს პიროვნება, არ არის დასამალი, გაილახა თავის დააცვასთან ერთად გაიქცა აქედან, კუდამოძუებული, რა თქმა უნდა, მე ხელი არ დამიკარებია, რადგან მაღალი თმენის ვალდებულება მაქვს, როგორც მღვდელმთავარს და ახლა მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, ყველანაირი პროვოკაცია“, – განაცხადა ეპისკოპოსმა.

პროკურატურის ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 18,108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მომზადებას გულისხმობს.

9 ივნისს ეპისკოპოსმა გიორგიმ „ტვ პირველთან” თქვა, რომ არ აპირებს პროკურატურასთან თანამშრომლობას მისი მკვლელობის შესაძლო მომზადების საქმეზე.