„პუბლიკის“ ჟურნალისტის, ქეთო მიქაძისთვის საქმიანობაში ხელშეშლის გამო ბრალდებული ლევან ზარდიაშვილი თავს დამნაშავედ არ ცნობს და პროკურატურის მტკიცებულებებს სადავოდ ხდის.
საქმეზე დღეს წინასასამართლო სხდომა ჩატარდა. პროცესს მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილი უძღვებოდა.
მტკიცებულებების დასაშვებობაზე მსჯელობის ნაწილში ლევან ზარდიაშვილმა ყველა მტკიცებულება სადავო გახადა, მეორე ბრალდებული საბა მინდიაშვილი კი მტკიცებულებებს უდავოდ ხდის და სასამართლო მის საქმეზე პროკურატურის წარმოდგენილ მტკიცებულებებს აღარ გამოიკვლევს.
„არ ჩამიდენია დანაშაული“, – თქვა ლევან ზარდიაშვილმა მოსამართლის შეკითხვის საპასუხოდ.
საქმის არსებითი განხილვის სხდომა 29 აპრილს, 12:00-ზე დაინიშნა.
ინციდენტი, რომელზეც ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი წარედგინათ, 2025 წლის 8 სექტემბერს მოხდა.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან პარტიის მხარდამჭერმა ლევან ზარდიაშვილმა „პუბლიკის“ ჟურნალისტზე, ქეთო მიქაძეზე იძალადა და ტელეფონი წაართვა. საბა მინდიაშვილმა კი ალექსანდრე ქეშელაშვილს ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალა და ტელეფონი წაართვა, რომელიც მოგვიანებით დაიბრუნა.
მინდიაშვილსა და ზარდიაშვილს ბრალი 6 თვის შემდეგ წარუდგინეს. 6 მარტს სასამართლომ აღკვეთის სახით მათ 3000-ლარიანი გირაო შეუფარდა.
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით აქვთ წარდგენილი, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს, რაც ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან გამასწორებელი სამუშაოთი ანდა შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე.