დღეს, 5 აგვისტოს საინიციატივო ჯგუფი „ხელოვნების მუზეუმისთვის“ პუშკინის სკვერში ხელოვნების მუზეუმის მხარდასაჭერ აქციას მართავს.
„ეროვნული მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, მასში დაცული კოლექცია, ქართული კულტურის საგანძურია და მისი ფუნქციის შეცვლა დაუშვებელია!
ვინც გრძნობთ, რომ კარგავთ,
ვინც გვეთანხმებით და „მათ“ არ ეთანხმებით,
ვინც უიმედოდ ხართ, მაგრამ მაინც შეგიძლიათ,
ვინც დარწმუნებული ხართ და ემზადებით,
ვინც მოდიხართ და სხვაც მოგყავთ, ვისაც არ გემეტებათ და არ დათმობთ,
ვისაც მრავალჯერ დაგზარებიათ, მაგრამ დღეს უკვე აღარ..
ერთად ვუთხრათ მუზეუმს: დაგიცავ! აღგადგენ! გიპატრონებ!
ვუთხრათ ხელისუფლებას: არ დაგანგრევინებ! არ დაგითმობ! არ გაგანადგურებინებ!“, – აცხადებენ ორგანიზატორები.
აქციის მოთხოვნებია:
-
ხელოვნების მუზეუმის შენობის გამაგრების და რესტავრაციის პროექტი შეასრულონ მაღალი პროფესიული კვალიფიკაციის და შეულახავი რეპუტაციის სპეციალისტებმა.
-
გასაჯაროვდეს სამუზეუმო ფონდების და ექსპონატების ევაკუაციის დეტალური გეგმა, პასუხისმგებელი პირების მითითებით, ექსპონატების დროებითი განთავსების ზუსტი ადგილი და პროცესს ჩამოშორდნენ არასათანადო კვალიფიკაციის ჩინოვნიკები.
-
კულტურის სამინისტრომ უზრუნველყოს ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებში საზოგადოების ჩართულობა და პროცესის სრული გამჭვირვალობა.