ხელოვნების მუზეუმის შენობის გაურკვეველი მომავალი

პუბლიკა

საქართველოს კულტურის სამინისტრომ პუშკინის ქუჩაზე მდებარე ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის „მზიდი კონსტრუქციების გამოკვლევა“ გამოაქვეყნა, სადაც ყურადღება მახვილდება შენობის ნაწილის გამაგრების „არარენტაბელურობაზეც“. დარგის სპეციალისტები შიშობენ, რომ უწყების მიერ ამ დოკუმენტის გამოქვეყნება, შესაძლოა, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დემონტაჟისთვის ნიადაგის შემზადების მცდელობა იყოს.

კულტურის სამინისტრო სიცრუეს უწოდებს ინფორმაციას, რომ უწყებას შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა სურს. თეა წულუკიანის უწყება შენობის მძიმე მდგომარეობას წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობას უკავშირებს.

„სამინისტრო მუზეუმს კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა, სამწუხაროდ, ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს“, – აცხადებს სამინისტრო.

კულტურის სამინისტრომ ხელოვნების მუზეუმიდან თანამშრომლებისა და ფონდების ევაკუაციას გეგმავს. შენობის დაცლა 5 აგვისტოს დაიწყება და 2022 წლის 5 თებერვალს დასრულდება. ევაკუაციის გეგმის დამტკიცებას წინ უფძღოდა შპს „კარიატიდას“ მიერ მომზადებული დასკვნა, რომელიც 1 ივლისით არის დათარიღებული. სამინისტრო აცხადებს, რომ დასკვნის მიხედვით, „შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი“. დასკვნაში ასევე აღნიშნულია:

„გუდიაშვილის ქუჩის მხარეს შენობის არსებული ნაწილის გაძლიერება და გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სიძნელეებთან და დანახარჯებთან, მაგრამ შესაძლებელია. ამ ნაწილის გაძლიერება, სავარაუდოდ, შესაძლებელია არ იყოს რენტაბელური;

შენობის ნაწილში პუშკინის ქუჩის გასწვრივ, სადაც განვითარებულია შენობის მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, შეუძლებელია შენობის არსებული ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება. ჩვენი აზრით, სავარაუდოდ უკეთესია შენობის ამ ნაწილის დაშლა და იგივე მასალებით გადაწყობა“, – წერია დოკუმენტში.

ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი „პუბლიკასთან“ ამბობს, რომ სამინისტროს განცხადება, რომელიც აღნიშნულ დასკვნას ეყრდნობა, აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ უწყება ეთანხმება კონსტრუქტორების დასკვნას.

„რადგანაც სამინისტრომ ამ დასკვნაზე დაყრდნობით გააკეთა განცხადება და ეს იყო მათი ოფიციალური განცხადება, რომ შენობის გადარჩენა არის არათუ შეუძლებელი, არამედ არარენტაბელური. რა თქმა უნდა, ეს იწვევს ძალიან საფუძვლიან ეჭვს, რომ სამინისტრო ეთანხმება ამ კონსტრუქტორების დასკვნას. თუ მათ დასკვნას ეთანხმება, მაშინ გამოდის, რომ ამ შენობის დანგრევა და თუნდაც შემდეგ ახლის აშენება უფრო რენტაბელურია, ვიდრე შენობის შენარჩუნება“, – ამბობს თამარ ამაშუკელი.

რამდენად რელევანტურია რენტაბელურობა, როდესაც საკითხი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს ეხება? – ხელოვნებათმცოდნეს ამ საკითხზეც დავუსვით კითხვა:

„მე რატომღაც მგონია, რომ თავად ადამიანებს, რომლებმაც ეს განცხადება მოამზადეს, არ ესმით შენობის ღირებულება. მას ისეთივე მაღალი მნიშვნელობა და არქიტექტურული ღირებულება აქვს, ისეთივე ღირებულია, როგორც მასში განთავსებული საგანძური. ამიტომ არ ვიცი, საერთოდ „რენტაბელური“ როგორ არის თავსებადი კულტურულ მემკვიდრეობასთან. ვფიქრობ, რომ არარელევანტურია ეს სიტყვა და როდესაც ერის კულტურულ მემკვიდრეობაზე, მის მეხსიერებაზე არის საუბარი, გამოვიყვანოთ ისე, რომ იაფი დაჯდეს, მგონი, მთლად მართებული ეს მიდგომა არ არის. ალბათ, მეორე მხრივ, ასევე მეტი დასკვნები გვჭირდება და ჩვენ უნდა ვიცოდეთ არა ერთი, არამედ რამდენიმე კონსტრუქტორის მოსაზრება, რესტავრატორების მოსაზრება და უნდა ვიცოდეთ, რა იგება და რაზეა საერთოდ საუბარი“, – აცხადებს თამარ ამაშუკელი.

როგორ შეაფასეს რენტაბელურობა? რასთან მიმართებით? ძეგლის ღირებულებასთან, მის ისტორიასთან თუ უბრალოდ რიგით შენობასთან? რა არის ის „განტოლება“, რომელიც მათ ისე გამოიყვანეს, რომ ამ შენობის აღდგენა არარენტაბელურია – თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ ასეთ კითხვებზე პასუხის არარსებობის შემთხვევაში, სამინისტრო მსგავს განცხადებას არ უნდა აკეთებდეს.

„კითხვა და მიზანი კონტრუქტორისადმი ის კი არ უნდა იყოს, არის თუ არა რენტაბელური, არამედ კონსტრუქტორს უნდა უკვეთავდეს პროექტს, როგორ უნდა გამაგრდეს და რა ქმედებებია ჩასატარებელი, რომ შენობა გამაგრდეს. თორემ თუ ვკითხავ, – ასე უფრო იაფი დაჯდება თუ ისე, – რა თქმა უნდა, შენობის დანგრევა და თავიდან აშენება ყოველთვის უფრო იაფი ჯდება. ამიტომ მიზანი და კითხვაა მთავარი, რა კითხვა და რა დავალება მიეცა კონსტრუქტორებს. თუ დავალება იყო ასეთი – შეაფასეთ რომელი უფრო იაფია, რა თქმა უნდა, ეს შედეგი დადგებოდა. თუ ეს არის მიზანი, რომ დამიდეთ კვლევა – რა არის გასაკეთებელი, რომ შენობა გამაგრდეს, მაშინ აბსოლუტურად სხვა შედეგი დადგებოდა“, – ამბობს ამაშუკელი.

შენობის ისტორია და ღირებულება

„ის თბილისის ხუროთმოძღვრებისა და კლასიციზმის ერთ-ერთი თვალსაჩინო ნიმუშია ქალაქში“, „მაღალი მხატვრული ღირებულების ნაგებობა ქალაქის გეგმარების თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია“, „ნაგებობა რუსული კლასიციზმის ერთ-ერთი უადრესი და გამორჩეული ნიმუშია“, – ასეთ შეფასებებს ვკითხულობთ შენობის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის პორტალზე.

ნაგებობა 1830-იანი წლების ბოლოს, არქიტექტორ ბერნარდაჩის მიერ არის აგებული და ქართველ მეწარმესა და მეცენატს, იაკობ ზუბალაშვილს ეკუთვნოდა.

როგორც თამარ ამაშუკელი გვიყვება, 1840-იან წლებში  შენობა სასულიერო უწყებამ შეიძინა და 1910-1911 წლებამდე აქ სემინარია ფუნქციონირებდა. 1917 წელს  შენობაში ჯერ სასტუმრო „ცარსკიე ნომერას“, შემდეგ „სასახლის სასტუმროს“, გასაბჭოების შემდეგ კი „პალას ოტელს“ დაუდია ბინა. როგორც ხელოვნებათმცოდნე გვეუბნება, 1923 წლის  სარეკლამო ფურცელი გვამცნობს, „რომ ეს ქალაქში ყველაზე დიდი სასტუმროა, აქვს საუკეთესო რესტორანი ევროპული და აზიური სამზარეულოთი, საკუთარი საპარიკმახერო, სააბაზანოები და დიდი დეკორატიული ბაღი“. 1930-იან წლებში სახელმწიფოს სასტუმრო დაუხურავს და შენობა სახელმწიფო უწყებისთვის გადაუცია.

„ბევრი ფუნქცია შეიცვალა ზუბალაშვილების სახლმა მანამდე, ვიდრე ყველაზე მნიშვნელოვან – ხელოვნების მუზეუმის ფუნქციას შეიძენდა (1952 წელს). მას შემდეგ მოდიან ერთად  მთელი საქართველოდან მოკრებილი მოძრავი ძეგლები, ჩვენი საგანძური და თბილისის  პირველი, ყველაზე დიდი, ევროპული არქიტექტურის ნიმუში, პირველი კლასიცისტური შენობა […] და ახლა ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ შენობის აღდგენა არარენტაბელურია! არარენტაბელური შეიძლება იყოს ავტოფარეხის აღდგენა, ან ბოსლის რესტავრაცია  და ისიც, იმ შემთხვევაში თუ მას არ აქვს თქვენთვის არამატერიალური ღირებულება“, – ამბობს თამარ ამაშუკელი.

„პუბლიკა“ ცდილობს კულტურის სამინისტროსთან დაკავშირებას, რათა გამოარკვიოს, რა გეგმები აქვს უწყებას ხელოვნების მუზეუმის შენობასთან დაკავშირებით.