რუსული თვითმფრინავი „აზიმუტი“ საქართველოში ცოტახნის წინ დაეშვა. პირველი რეისის მგზავრებს შორის იყო ყოფილი დეპუტატი, „ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი თემურ მაისურაძე.
ის ერთ-ერთია მათ შორის, რომლებიც თავის თავს დელეგაციის წევრად მოიაზრებენ და, როგორც თავად ამბობენ, მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ ფრენების აღდგენაზე.
ჟურნალისტის შეკითხვაზე, დამოუკიდებლად აწარმოებდა თუ არა პუტინის რეჟიმთან მოლაპარაკებებს? მაისურაძე პასუხობს, რომ:
„მემჩნევა, რომ დავალებას ვასრულებ? მე თემურ მაისურაძე ვარ, თავისუფალი, დამოუკიდებელი პიროვნება…
მე ექსპერტებთან ვაწარმოებდი მოლაპარაკებებს… ნებისმიერი ჩაკეტილობა, ნებისმიერ მოლაპარაკებაზე უარის თქმა არის არაპოლიტიკური, პოლიტიკოსის საქმე არის დაალაგოს ურთიერთობები და არა არიოს“.
ჟურნალისტის შეკითხვაზე – თუ რას ფიქრობს ევროკავშირის მაღალჩინოსნების პოზიციაზე, რომ ფრენების აღდგენით საქართველო შორდება ევროკავშირს, მაისურაძე პასუხობს, რომ:
„ეგენი ჩემთვის ავტორიტეტები არ არიან, ეგენი არიან დაახლოებით ისეთივე ლიბერალური კლანის წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ საქართველოში. მე ეგეთ ადამიანებს პატივს არ ვცემ“.
შეკითხვაზე – არის თუ არა პუტინი სამხედრო დამნაშავე, მაისურაძე პასუხს არ სცემს:
„პუტინი არის ამ შემთხვევაში სუბიექტი, რომელიც იცავს ეგზისტენციალური უსაფრთხოების საკითხს… მე გიხსნით, რომ რუსეთი იცავს თავის ეგზისტენციალურ უსაფრთხოების საკითხებს“.
მან ასევე ჟურნალისტს უთხრა, რომ ის „საქართველოს მხარესაა“ და ამ გადაწყვეტილებითაა მხოლოდ შესაძლებელი ტერიტორიების დაბრუნება.
ვინ არის თემურ მაისურაძე:
თემურ მაისურაძე საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის (2012-2016) დეპუტატი იყო, საარჩევნო ბლოკიდან: „ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნება”.
მაისურაძე პროფესიით ინჟინერია. დაამთავრა ნ.ი. ჟუკოვსკის სახელობის აეროკოსმონავტიკის ხარკოვის უნივერსიტეტი (საავიაციო ინსტიტუტი) თვითმფრინავთმშენებლობის სპეციალობით 1987 წელს; თბილისის საავიაციო ინსტიტუტი 1990 წელს.
როგორც „პუბლიკას” უნივერსიტეტის პრესსამსახურში განუცხადეს, ამჟამად ის საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში „ბიზნეს ინკუბატორში“ (Fab Lab) საქმიანობს.