კრემლის განცხადებით, მიღწეულია ზოგადი ურთიერთშეთანხმება ჩინეთთან „ციმბირის ძალა 2-ის“ გაზსადენის თაობაზე, თუმცა პროექტის ძირითადი დეტალები და განრიგი კვლავ შესათანხმებელია. ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ჩინეთში ვიზიტით იმყოფება. ის ჩინეთის ლიდერს შეხვდა.
„პრეზიდენტმა მოლაპარაკებების დროს განაცხადა, რომ მთლიანობაში, უკვე არსებობს საერთო ურთიერთგაგება „ციმბირის ძალა 2“-ის ძირითად პარამეტრებზე“, — განუცხადა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა რუსულ მედიას – „არსებობს შეთანხმება მარშრუტზე და იმაზე, თუ როგორ აშენდება პროექტი. ზოგიერთი დეტალი კიდევ საჭიროებს საბოლოო სახის მიცემას, მაგრამ ზოგადად, ასეთი ურთიერთგაგება უკვე არსებობს, თუმცა, გაზსადენის განხორციელების განრიგი არ არსებობს“ — თქვა მან.
რუსეთი და ჩინეთი წლებია აწარმოებენ მოლაპარაკებებს გაზსადენზე, რომელსაც გაზი ჩინეთში მონღოლეთის გავლით, ჩრდილოეთ ციმბირში მდებარე რუსეთის ბუნებრივი აირის ცენტრალური რეგიონიდან უნდა ჩაეტანა.
მოსალოდნელია, დაგეგმილი 2,600-კილომეტრიანი „ციმბირის ძალა 2“ რომ ჩინეთს იამალის არქტიკული გაზის საბადოებიდან წელიწადში 50 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს მიაწვდის.
მყარი შეთანხმება, რომელიც მოიცავს ფასწარმოქმნასა და სხვა საკვანძო საკითხებს, კვლავ მიუღწეველი რჩება, რაც პროექტის წინსვლას შეუძლებელს ხდის.
პროექტმა რუსეთისთვის ახალი მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც უკრაინაში შეჭრის გამო დაწესებულმა სანქციებმა იგი მისი ევროპელი მომხმარებლების უმეტესობისგან მოწყვიტა.
ჩინეთის და რუსეთის ლიდერებმა დღესვე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას ყოვლისმომცველი პარტნიორობისა და სტრატეგიული ურთიერთქმედების შემდგომი განმტკიცების შესახებ.