პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა. ესეც არასწორად გათვალა - შოლცი

პუბლიკა

„პუტინი იმედოვნებდა, რომ გაზის ონკანის ჩაკეტვით დაგვაშანტაჟებდა, მაგრამ ესეც არასწორად გათვალა“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, გაზის ალტერნატიული მიწოდება ევროპის ქვეყნებიდან, აშშ-იდან და ახლო აღმოსავლეთიდან უზრუნველყოფილია.

როგორც Deutsche Welle წერს, მთავრობამ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ გერმანიის გაზის საცავები დადგენილ ვადამდე ადრე 95%-მდე შეივსო, თუმცა ენერგორესურსების ფასები ევროკავშირის ქვეყნებში იზრდება.

ბუნდესტაგში მან ასევე ისაუბრა უკრაინაზე და მხარდაჭერა აღუთქვა მას. მისი თქმით, წლების განმავლობაში ევროპას მოუწევს გაუმკლავდეს ომის შედეგებს.

შოლცმა გააკრიტიკა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უკრაინის დედაქალაქსა და სხვა ქალაქებში მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბოლოდროინდელი თავდასხმების გამო და თქვა, რომ ეს არის „ომის დანაშაული“.